ენრიკემ კვარა დაასვენა | პსჟ-მა სტუმრად ანჟეს მოუგო
ლიგა 1-ის მორიგ ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მე-13 ადგილზე მყოფ „ანჟეს“ ესტუმრა და 0:3 გაიმარჯვა.
იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე დღეში პსჟ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბაიერნს“ დაუპირისპირდება, ლუის ენრიკემ რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას დასვენების საშუალება მისცა და სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
ანგარიში მე-8 წუთზე კანგინ ლიმ გახსნა, 39-ე წუთზე კი სენი მაიულუმ სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში უპირატესობას კვლავ პარიზული გუნდი ფლობდა და 52-ე წუთზე ლუკას ბერალდომ „ანჟეს“ კარში მესამე გოლი გაიტანა.
75-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი გონსალუ რამუშმა მიიღო და თავისი გუნდი რიცხოვრივ უმცირესობაში დატოვა, თუმცა „ანჟემ“ ამით ვერ ისარგებლა და დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
30 მატჩის შემდეგ პსჟ სატურნირო ცხრილს 69 ქულით ლიდერობს, უახლოეს მდევარ „ლანსს“ კი 63 ქულა აქვს. მომდევნო ტურში, 2 მაისს ხვიჩას გუნდი „ლორიანს“ უმასპინძლებს, მანამდე კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში საკუთარ კედლებში „ბაიერნს“ მიიღებს - ეს შეხვედრა 28 აპრილით თარიღდება.