შემაკავებელი ორდერი დაარღვია - ენდი ქეროლს პატიმრობა ემუქრება
ლივერპულისა და ნიუკასლის ყოფილი თავდამსხმელი ენდი ქეროლი შესაძლოა თავისუფლების აღკვეთის საფრთხის წინაშე დადგეს, მას შემდეგ რაც მან შემაკავებელი ორდერი დაარღვია და ბრალი წარედგინა.
36 წლის ფეხბურთელი სამშაბათს სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. იგი აპრილში დააკავეს, ხოლო სავარაუდო სამართალდარღვევა მარტში მოხდა.
საქმის დეტალები იურიდიული მიზეზების გამო ვერ ქვეყნდება. მიმდინარე თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქეროლი დიდ ბრიტანეთში დაბრუნებისას აეროპორტში, სხვა მგზავრების თვალწინ დააკავეს. მოგვიანებით პოლიციამ დაადასტურა, რომ ეს პირი სწორედ ენდი ქეროლი იყო.
The Sun-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი პასპორტის კონტროლის დროს შეაჩერეს, რადგან სისტემაში მისი მონაცემები პოლიციის მიერ ძებნილად იყო მონიშნული.
ესექსის პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა:
„კაცს ბრალი წაუყენეს შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის. ენდი 27 აპრილს დააკავეს, ხოლო სავარაუდო სამართალდარღვევა მარტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. იგი 30 დეკემბერს ჩელმსფორდის მაგისტრატურ სასამართლოში უნდა გამოცხადდეს.“
შემაკავებელი ორდერის დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაძლოა ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასრულდეს.
შეგახსენებთ, რომ ქეროლი ამ ზაფხულს ინგლისურ ფეხბურთს დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც ნეშენალ ლიგის კლუბ დეგენჰემ ენდ რედბრიჯთან გააფორმა კონტრაქტი, ფრანგულ ბორდოში გატარებული პერიოდის შემდეგ.