სიახლეები კანადასთან მატჩის წინ - ბორჯღალოსნებს ოთხი მორაგბე შეუერთდა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდთან მისი შეგირდების ნაჩვენები თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ დარჩა, თუმცა დასახული მიზანი მიღწეულია და ბორჯღალოსნებმა ოკეანისგაღმელები დაამარცხეს. მომავალ შაბათს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის კიდევ ერთ წარმომადგენელთან კანადასთან დაპირისპირებაა ჩანიშნული, რომლისთვისაც გარკვეული კორექტივები იქნა შეტანილი.
შეკრებას შეუერთდა ოთხი ახალი მორაგბე - თორნიკე ჯალაღონია, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ჯავახია და ნიკოლოზ სუთიძე, რომლებიც კანადელებთან თამაშისთვის მზადებას ორშაბათიდან შეუდგებიან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯავახია ეროვნულ გუნდს შედარებით გვიან საპატიო მიზეზის გამო უერთდება - რამდენიმე ხნის წინ ის „ტულონში“ გადაბარგდა და გუშინ საფრანგეთის TOP 14-ში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მსგავსად, კანადასთან შეხვედრაც ბათუმში გაიმართება და მომდევნო შაბათს, 15 ნოემბერს 16:00 საათზე დაიწყება.