ჯერ სახლში არ მოუგიათ | არველაძის გუნდის მორიგი მარცხი
თურქეთის სუპერ ლიგის მე-12 ტურში შოთა არველაძის გაწვრთნილი „ქასიმფაშა’’ შინ „გიოზთეფესთან’’ 0:2 დამარცხდა. 12 ტურის შემდეგ გუნდის ანგარიშზე 2 მოგება, 4 ფრე და 6 მარცხია.
შოთა არველაძე: „თამაში 90 წუთი გრძელდება. წარმატებისთვის პირველი და მეორე ტაიმი კარგად უნდა ჩაატარო, ეს საჭიროა. „გიოზთეფე’’ არ არის ის გუნდი, რომელიც ბევრ შანსს შეგაქმნევინებს. პირველ ტაიმში თამაშს ვაკონტროლებდით, თუმცა თამაში მეორე ტაიმის ხუთწუთიან მონაკვეთში დავთმეთ, ფსიქოლოგიურად თამაშიდან გამოვეთიშეთ და გრძელ პასებზე გადავედით. მეტოქე ამისთვის მზად იყო და მათთვის თამაში გაადვილდა’’.
„ქასიმფაშას’’ მოუგებელი სერია 5-მატჩიანია. ასევე, ამ სეზონში გუნდს საკუთარ მოედანზე არ მოუგია. 12-დან 2 გამარჯვება აქვს, ორივე გასვლაზე.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, 18-გუნდიან ჩემპიონატში „ქასიმფაშა'' 10 ქულით მე-15 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს, თუმცა თუ მე-16 ან მე-17 ადგილზე მყოფი გუნდი მოიგებს, არველაძის გუნდი გასავარდნ ზონაში აღმოჩნდება.
მე-13 ტურში, 23 ნოემბერს „ქასიმფაშა'' „ალანიასპორს'' ესტუმრება.