ზურიკოს დრო შეუმცირეს და შესაძლოა გაყიდონ | სენტ-ეტიენის მწვრთნელის კომენტარი
ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენიდან’’ წასვლა რეალური ხდება. ბოლო მატჩებში მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰოერნალანდმა სათამაშო დრო შეუმცირა, ლიგა 2-ის ლიდერ „ტრუასთან’’ მოგებულ მატჩში ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მატჩის შემდეგ სკანდინავიელმა ქართველის შესაძლო წასვლაზე მიანიშნა:
„ვნახოთ, როგორ წარიმართება მათი ტრავმების აღდგენა, მაგრამ აუცილებლად ისევ ვიხილავთ აუგუსტინ ბოაკიეს, ჯოშუა დაფუსისა და ირვინ კარდონას ტრიოს, რომელმაც დღეს შესანიშნავად იმუშავეს. ლუკას სტასინი და ზურიკო დავითაშვილი ჩვენთან არიან, მათზე იმედს ვიმყარებთ, თუმცა შეტევაში საკმარისი არჩევანი გვაქვს, თუ მათ წასვლა გადაწყვიტეს.“
გუშინ ღამით, ლიგა 2-ის მე-14 ტურში „ტრუა'' შინ „სენტ-ეტიენთან'' 2:3 დამარცხდა. სტუმრებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში შეაგდეს. გოლები ჰორნელუნდის მიერ ხსენებული ტრიოს ანგარიშზეა, ბოაკიემ ანგარიში გახსნა, კარდონამ გაზარდა, მესამე დაფუსიმ შეაგდო. 14 ტურის შემდეგ „ტრუა'' 28 ქულით პირველზეა, „სენტ-ეტიენი'' 26 ქულით მესამეზე.
გასულ სეზონში ქართველმა გარემარბმა ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონი ჩაატარა, 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა. ზაფხულში წასვლა სურდა, თუმცა არ გაყიდეს, მაგრამ ახლა განსხვავებული ვითარებაა, „სენტ-ეტიენმა'' ჩემპიონატის ლიდერი მის გარეშე დაამარცხა და სარფიანი წინადადების შემთხვევაში ტრანსფერი რეალურია.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 24 წლის ქართველმა შემტევმა 12 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი შეაგდო და ბომბარდირთა დავაში ლიდერს მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება, თუმცა ბოლო სამ შეხვედრაში ნაკლებ ნდობას უცხადებენ, „პაუსთან'' ცვლილებაზე გამოვიდა (23 წუთი ითამაშა, გოლი გაიტანა), „რედ სტართან'' სასტარტოში იყო (90 წუთი ითამაშა, გოლი შეაგდო), „ტრუასთან'' კი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვეს.