მშვიდად შრომა, დრო და ნდობა სჭირდება | უდინეზეს მწვრთნელი გოგლიჩიძეზე
„უდინეზეს’’ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა „რომასთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მისი გუნდის ახალგაზრდა ცენტრალური მცველების, 17 წლის მატეო პალმას, 21 წლის საბა გოგლიჩიძისა და 22 წლის ნიკოლო ბერტოლას შესახებ ისაუბრა.
კოსტა რუნიაიჩი: „პალმა პროგრესირებს, იტალიის თასზე კარგად ითამაშა, „სასუოლოსთან’’ ოდნავ უარესად, მაგრამ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. „ატალანტასთან’’ რთულ მომენტში თავისი წვლილი შეიტანა, თავისი შრომის შედეგი იმ მატჩში მიიღო. ვაკვირდები, როგორ ვარჯიშობს, სასტარტო 11-ში მოხვედრის შანსი აქვს, ვნახოთ ვის ავირჩევ. სამივეს თავისი შესაძლებლობა აქვს, ახალგაზრდები არიან, სერია A-ში თამაშის მცირე გამოცდილებით. შედარებისთვის „რომას’’ ევან ნდიკა, მარიო ერმოსო და ჯანლუკა მანჩინი ჰყავს, ისინი სულ სხვა დონეზე არიან.
ეს ბიჭები (პალმა, გოგლიჩიძე, ბერტოლა) მშვიდად უნდა მუშაობდნენ, დრო და ნდობა სჭირდებათ. საინტერესო მოთამაშეები არიან, უდინეში შემთხვევით არ არიან, ყოველთვის ვეძებთ ახალგაზრდებს, რომლებსაც შეუძლიათ პროგრესი. ამ ეტაპზე კარგად მუშაობენ, მაგრამ თამაშის კუთხით გარკვეულ დეტალებზე კიდევ სამუშაო აქვთ''.
საბა გოგლიჩიძემ, რომელიც გასულ ზაფხულში „ემპოლიდან'' „უდინეზეში'' გადავიდა, სერია A-ს მიმდინარე სეზონში 10-დან ექვს მატჩში ითამაშა, 6-დან 2-ში ცვლილებაზე გამოვიდა, 4-ში სასტარტოში 90 წუთი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი მეორე ტურში მილანის „ინტერთან'' მოგებულ მატჩში ჰქონდა, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა (იხილეთ).
„უდინეზეს'' დაცვაში ხშირი როტაციაა, სეზონის დასაწყისში რეგულარული სათამაშო დრო არ ჰქონდა, თუმცა ოქტომბერში სერია A-ში ოთხივე მატჩში 90 წუთი ითამაშა, „იუვენტუსთან'' დაშვებული შეცდომების შემდეგ „ატალანტასთან'' სკამზე იჯდა.
დღეს, სერია A-ს მე-11 ტურში რუნიაიჩის გუნდი ჯან პიერო გასპერინის „რომას'' ესტუმრება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.