სანახაობრივი ჭიდაობა და ფრე - ერევანში ცარუკიანმა და შარა „ბულეტმა“ იჭიდავეს
გუშინ, ერევანში საბრძოლო ტურნირი HYPE Armenia გაიმართა, რომლის მთავარი მოვლენაც UFC-ის მებრძოლების, არმან ცარუკიანისა და შარა „ბულეტ“ მაგომედოვის დაპირიპირება იყო.
გრეპლინგის წესებით გამართული ორთაბრძოლა 84 კგ-მდე წონით კატეგორიაში ჩატარდა და 6 წუთს გაგრძელდა. რეგლამენტის თანახმად, თუ ამ დროში მებრძოლი მტკივნეულ ან მახრჩობელ ილეთს ვერ შეასრულებდა, ორთაბრძოლა ფრედ ცხადდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული გდებები ორივე მებრძოლს ჰქონდა, საბოლოოდ ვერც ცარუკიანი და ვერც „ბულეტი“ ბოჭვამდე ვერ მივიდნენ და ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა, თუმცა მაყურებელმა სანახაობრივი ჭიდაობა იხილა.
საგულისხმოა, რომ ბრძოლის დაწყებამდე მებრძოლებმა ერთგვარი სანაძლეო დადეს. ცარუკიანმა თქვა, რომ თუ მაგომედოვი მის დამარცხებას შეძლებდა, სომხეთში, კერძოდ კი ერევანში ბინას აჩუქებდა, შარა „ბულეტი“ კი საპასუხოდ, „როლექსიის“ საათს დაპირდა.
იმის გამო, რომ შედეგიანი გდებების განსახორციელებლად მებრძოლებს რინგის თოკები უშლიდა ხელს, ბრძოლის დასრულების შემდეგ, შარამ ნებისმიერი წესებით რევანში მოითხოვა, ცარუკიანმა კი უპასუხა, რომ მზად არის კიდევ ერთი შეხვედრისთვის, ოღონდ 10-წუთიანი რაუნდით და იმ პირობით, რომ ფინიშის არარსებობის შემთხვევაში გამარჯვებული მაინც გამოვლინდება.