„მომწონს, რომ შეშინებული ვიქნები“ - გეიჯიმ თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა ჯასტინ გეიჯიმ, რომელიც რამდენიმე კვირაში დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის იჩხუბებს, ილია თოფურიაზე ისაუბრა. როგორც გეიჯიმ კარლოს ლეგასპისთან ინტერვიუში განაცხადა, „ელ მატადორთან“ პოტენციურ ჩხუბში ძალიან შეშინებული იქნება და ეს გრძნობა ძალიან მოსწონს.
„ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ UFC-მ ასეთი შანსი მომცა. ძალიან დიდი ღონისძიება გველოდება - პრომოუშენი Paramount-თან თანამშრომლობას იწყებს და მესმის, რატომაც ჩამსვეს ამ ქარდზე. მე ყველაზე სანახაობრივი მებრძოლი ვარ ამ ორგანიზაციის ისტორიაში.
პედისთან ჩხუბისთვის მომზადება? მთავარი ამ სპორტში კარდიოა. როდესაც ბრძოლა დაიწყება, მეცოდინება, რომ გავაკეთე ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, და 100%-ით ვარ მზად. რა თქმა უნდა, ასეთ დონეზე შეცდომების დაშვება არ შეიძლება - იმედია, დავანოკაუტებ პიმბლეტს.
რა შეიძლება მოხდეს მსუბუქ წონაში? ჩვენ ვნახეთ, რომ დროებითი ჩემპიონი შესაძლოა შემდეგ აბსოლუტური ჩემპიონი გახდეს. გავიხსენოთ ასპინალის შემთხვევა. ასევე მაკენზი დერნს უნდა ეჩხუბა დროებით ჩემპიონის ქამრისთვის, შემდეგ კი ტიტული ვაკანტური გახდა, რის გამოც დერნის ჩხუბი საჩემპიონოდ გადაკეთდა. თუმცა ეს ყველაფერი ჩემი კონტროლის მიღმაა. ვიცი, რომ გულშემატკივრებს პედის და ილია თოფურიას ჩხუბი აინტერესებთ, როგორც ეს ადრე ტონი ფერგიუსონისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შემთხვევაში იყო. ამ გეგმებს ჩავშლი - ესაა ჩემი ამოცანა.
როგორ ვხედავ ილიასთან ჩხუბს? ჩემი ინტუიციის და დისტანციის დაცვის უნარის მჯერა. ამ სპორტში ყველაფერია შესაძლებელი, ილიასნაირ მეტოქესთან შეცდომები არ უნდა დაუშვა, მისი მარჯვენა არ უნდა გაატარო, ძალიან კარგი ორ და სამსვლიანი კომბინაციები აქვს, ამიტომ ჩემთვის ეს შესანიშნავი გამოწვევაა. მომწონს, რომ ძალიან შეშინებული ვიქნები“.
ცნობისთვის, პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი 25 იანვარს გაიმართება და UFC 324-ის მთავარი მოვლენა იქნება. მათ შორის გამარჯვებული მსუბუქი წონის დროებითი ჩემპიონი გახდება და, როგორც დენა უაითმა განაცხადა, აბსოლუტური ჩემპიონის ქამრისთვის იჩხუბებს, რომელსაც ამჟამად ილია თოფურია ფლობს.