მამუკელაშვილი ბითაძის წინააღმდეგ | ორლანდო 21 ქულით იგებდა, მაგრამ წააგო
NBA-ში ქართული დაპირისპირება ვიხილეთ. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ საშინაო არენაზე გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა — 107:106.
„ორლანდომ“ მატჩი ბრწყინვალედ დაიწყო: პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგო, ხოლო მეორე პერიოდში 21-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი ფლორიდელებმა მხოლოდ 11 ქულით — 65:54 მოიგეს. ბოლო მეოთხედში „ორლანდო“ 10 ქულით იყო წინ, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში ცუდად ითამაშა და საბოლოოდ დამარცხდა.
მამუკელაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 23 წუთი და 16 წამი გაატარა. მისი მონაგარი 13 ქულა, 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. სანდრომ ორი ეფექტური ჩატენვა შემოგვთავაზა და სამი „ენდ-უანი“ ჩააგდო (სამივე საჯარიმო გამოიყენა), სამიდან ყველა სამქულიანი კი გააფუჭა.
რაც შეეხება ბითაძეს, გოგამ პარკეტზე 15 წუთი და 50 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 2 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება იყო. ქართველმა ცენტრმა ორქულიანი ჩააგდო, თუმცა საჯარიმო სროლა ვერ გამოიყენა. მას ასევე 4 პერსონალური ჯარიმა ჰქონდა.
ცნობისთვის, „ტორონტოს“ ანგარიშზე 20 მოგება და 14 წაგებაა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე პოზიციას იკავებს. „ორლანდოს“ კი 18 გამარჯვება და 15 მარცხი აქვს და „მეჯიქი“ მეექვსე ადგილზეა.