„საზიზღრობაა“ - უილიამსი ესპანეთის სუპერთასის საუდის არაბეთში ჩატარებაზე
„ბილბაოს“ კაპიტანმა ინიაკი უილიამსა ესპანეთის სუპერთასის საუდის არაბეთში გამართვის გამო ფეხბურთის ფედერაცია გააკრიტიკა.
„ჩემი აზრით, საუდის არაბეთში ტურნირის ჩატარება საზიზღრობაა. ეროვნული ტურნირის სხვა ქვეყანაში გადატანა დაბრკოლებებს უქმნის გულშემატკივრებს, რომლებსაც თამაშზე დასწრება სურთ. როდესაც იქ ვთამაშობთ, ისეთი შეგრძნებაა, რომ გასვლითი მატჩი გვაქვს. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში შვილი უნდა შემეძინოს და ოჯახთან ერთად ამხელა გზაზე მგზავრობა დამატებით სირთულეებს ქმნის“.
ინიაკი უილიამსს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია სუპერთასის სხვა ქვეყანაში ჩატარებისთვის ადრეც გაუკრიტიკებია. „ბარსელონასთან“ ნახევარფინალში შარშანდელი მარცხის შემდეგ უილიამსმა საუდის არაბეთში ასეთი მატჩის ჩატარებას უაზრობა უწოდა და თქვა, რომ „ტრიბუნები ნახევრად ცარიელი იყო, მაშინ როდესაც ესპანეთში ასეთი დონის შეხვედრა სავსე ტრიბუნების წინაშე ჩატარდებოდა“.
ცნობისთვის, ისევე, როგორც წინა სეზონში, ამჯერადაც სუპერთასზე „ბილბაო“, „ბარსელონა“, „რეალი“ და „ატლეტიკო“ ითამაშებენ. ბასკები 7 იანვარს ნახევარფინალში „ბლაუგრანას“ შეხვდებიან, მეორე ნახევარფინალში კი 8 იანვარს მადრიდის დერბის ვიხილავთ. ფინალი 11 იანვარსაა ჩანიშნული.
აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის სუპერთასი საუდის არაბეთში 2019-20 წლების სეზონიდან ტარდება. ორ მხარეს შორის ხელშეკრულება 2029 წლამდეა გათვლილი.