ფიფა The Best-ის ნაცვლად ახალ ჯილდოს აწესებს
ფიფა დუბაის სპორტულ საბჭოსთან (DSC) პარტნიორობის ფარგლებში, The Best-ის ნაცვლად ახალ ჯილდოს გადასცემს.
ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა დუბაიში გამართულ მსოფლიო სპორტულ სამიტზე. თანამშრომლობის ფარგლებში, ფიფა ყოველწლიურად ჩაატარებს საუკეთესო მოთამაშეებისა და ფეხბურთის წარმომადგენლების დაჯილდოების ცერემონიას – ახალი პრემია გახდება ფიფას ერთადერთი ოფიციალური ჯილდო, რომელიც The Best-ს ჩაანაცვლებს.
დაჯილდოების პირველი ცერემონია 2026 წელს გაიმართება.
„მოხარულები ვართ გავაერთიანოთ ძალები დუბაისთან - ქალაქთან, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს და სუნთქავს, რათა განვავითაროთ ეს მსოფლიო დონის ღონისძიება. აღნიშნული პრემია გახდება არა უბრალოდ დაჯილდოების ცერემონია, არამედ ფეხბურთის განდიდებისა და წლის საუკეთესო მოთამაშეების დაფასების ინოვაციური საშუალება, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ“, — განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.
შეგახსენებთ, რომ The Best FIFA Football Awards-ის ჯილდო 2016 წლიდან გაიცემოდა. წელს მისი მფლობელი პსჟ-ს ფორვარდი, უსმან დემბელე გახდა.