ნარიმანიძის კარგი მატჩი და გამარჯვება | მისი გუნდი ჩემპიონატის ლიდერია
სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურში „ჟილინამ’’ შინ „მიხალოვცე’’ 2:0 დაამარცხა. ამ მომენტში „ჟილინა'' 31 ქულით პირველ ადგილზეა (9 გამარჯვება, 4 ფრე, 1 მარცხი). გამარჯვებულთა სასტარტო 11-ში სანდრო ნარიმანიძემ 90 წუთი ითამაშა, დამაჯერებელი და საიმედო იყო, კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ამ გამარჯვების შემდეგ სანდრო საქართველოში გაემგზავრება და ეროვნული ნაკრების შეკრებას პირველად შეუერთდება. ვილი სანიოლმა 20 წლის ცაცია ცენტრალური მცველი ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის გამოიძახა.
სანდრო „იბერიას’’ აღზრდილია, გასული სეზონის ზამთარში კარიერა „ჟილინას’’ დაუკავშირა, ამ სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა, 14-დან 9-ში 90 წუთი ითამაშა.
სანდრო საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. გასულ თვეში მალტასთან გოლი გაიტანა.
ასევე გეტყვით, რომ ნიჭიერი ცენტრალური მცველი, რომელიც სიმაღლეში 1,93 მეტრია, ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გამოძახების შესახებ CrystalSport-ს ესაუბრა:
„უბედნიერესი ვარ იმ ყველაფრით, რაც ახლა ჩემს თავს ხდება, რადგანაც ჩემი ბავშვობის უდიდესი ოცნება იყო მოვხვედრილიყავი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და ეს ყველაფერი დღეს ასრულდა, ამიტომ სიტყვებით არ შემიძლია ამ ემოციების გადმოცემა. რაც შეეხება გამოძახების მომენტს, ზურაბ ხიზანიშვილმა დამირეკა და ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. როდესაც ტელეფონს დავხედე და მისი ნომერი დაეწერა, იმხელა სიხარული განვიცადე, მაგის მერე კარგად აღარაფერი არ მახსოვს. ბუნებრივია, ყველა თანაგუნდელს ძალიან გაუხარდა ჩემი ამბავი და სამწვრთნელო შტაბის წევრებმაც განსაკუთრებულად მომილოცეს''.