თბილი დახვედრა რიასორზე - როგორ დააჩოქა დეპორტივომ მილანი
2004 წლის მარტში „მილანმა“ „სან სიროზე“ „დეპორტივოს“ დამაჯერებლად მოუგო. კარლო ანჩელოტის გაწვრთნილმა „როსონერიმ“, რომელიც ჩეპმიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო, პირველ მეოთხედფინალში დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
ვალტერ პანდიანის სწრაფ გოლს იტალიელებმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს კაკას გოლით უპასუხეს. მეორე ტაიმის საწყის წუთებზე „მილანმა“ შტურმი მოაწყო და ჯერ ანდრეი შევჩენკოს გოლით დაწინაურდა, 3 წუთში კი კაკამ გაიფორმა დუბლი. 53-ე წუთზე ანდრეა პირლოს საჯარიმო დარტყმამ მატჩის გამარჯვებულთან დაკავშირებით ყველა კითხვა მოხსნა. მატჩის ბოლოს პანდიანის ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლო, მაგრამ დიდას ვერ აჯობა - 4:1. არავის სჯეროდა, რომ „დეპორტივო“ საპასუხო მატჩში სენსაციას შემოგვთავაზებდა და ტურნირის აშკარა ფავორიტს გათამაშებიდან გამოთიშავდა.
მილანი - დეპორტივო 4:1
მატჩის შემდეგ „როსონერის“ გულშემატკივრები უკვე იმაზე მსჯელობდნენ, რომელ გუნდს ისურვებდნენ მეტოქედ ნახევარფინალში - 7 აპრილს ლა-კორუნიაში, „რიასორზე“ დაგეგმილ მატჩზე არავინ ფიქრობდა. ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 3-ბურთიანი სხვაობა პლეიოფში ჯერ არავის აღმოუფხვრია, ხოლო „მილანს“ კი გასვლით შეხვედრებში ჩემპიონთა ლიგის იმ სეზონში გოლი საერთოდ არ ჰქონდა გაშვებული.
„დეპორტივოს“ მწვრთნელი ხავიერ ირურეტაც ხვდებოდა, რომ მის გუნდს დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა და ამიტომ საპასუხო მატჩში გალისიელები სუპერშემტევი შემადგენლობით გამოვიდნენ. ბევრი ამას კარის გაჯახუნების მცდელობად აფასებდა.
პირველივე წუთებიდან „მილანმა“ აგრესიულად დაიწყო და გასვლაზე გოლის გატანა სცადა, რომელიც ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნიდა. მე-4 წუთზე საგოლე მომენტი იონ დალ თომასონს შეექმნა, რომელმაც ფილიპო ინძაგის ნაცვლად დაიწყო ძირითადში, თუმცა მისი დარტყმა ხოსე მოლინამ მოიგერია. ერთ წუთში კი ირურეტას გუნდმა სასწაულს ჩაუყარა საფუძველი.

პანდიანიმ ბურთი „მილანის“ საჯარიმოს ხაზზე მიიღო, მოტრიალდა და დიდასგან მარცხენა კუთხეში გაუშვა. პაოლო მალდინიმ დარტყმის დაბლოკვა სცადა, მაგრამ უშედეგოდ - ურუგვაელის გოლმა გალისიელ გულშემატკივრებში იმედის ნაპერწკალი გააჩინა. პირველ გაშვებულ ბურთს „როსონერისთვის“ მაღვიძარის ფუნქცია უნდა შეესრულებინა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. გუნდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ „სან-სიროზე“ მეტოქე გაანადგურა, ესპანელთა შეტევებს ვერაფერს უხერხებდა. დიდას რამდენჯერმე მოუწია საქმეში ჩართვა, მაგრამ მეორე გოლი სწორედ მის შეცდომას მოჰყვა. 35-ე წუთზე ბრაზილიელი მეკარე გამოსვლაზე უხეშად შეცდა, ხუან კარლოს ვალერონმა კი ალბერტ ლუკეს პასის შემდეგ თავით ბურთი ცარიელ კარში გაგზავნა - 2:0.

„რიასორმა“ იფეთქა, „მილანის“ ფეხბურთელები კი ტაბლოს უყურებდნენ: შესვენებამდე 10 წუთი რჩებოდა, ანჩელოტის მითითებები კი ახლა მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. მართალია, „როსონერის“ დაცვის ხაზს ალესანდრო კოსტაკურტა აკლდა, მაგრამ პანკაროს, მალდინის, ნესტასა და კაფუს საკმარისზე მეტი გამოცდილება ჰქონდათ იმისთვის, რომ ნებისმიერ ზეწოლას გამკლავებოდნენ.
არავინ იცის, რა მოხდებოდა მეორე ტაიმში, „დეპორს“ რომ 44-ე წუთზე მესამე გოლი არ გაეტანა. ნესტამ პოზიციური შეცდომა დაუშვა, ლუკემ კი ბურთი საჯარიმოში შეიგდო და დიდას აუღებელი დაურტყა - 3:0.
„მილანმა“, ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა და ვარსკვლავური დაცვის მქონე გუნდმა, პირველი მატჩის შემდეგ მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა პირველივე ტაიმში გაანიავა. „სან სიროზე“ პანდიანის გატანილმა გოლმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა - მატჩი რომ ასე დასრულებულიყო, ნახევარფინალში უკვე „დეპორტივო“ გადიოდა.
მეორე ტაიმში „მილანის“ შეტევა გამოცოცხლდა, მაგრამ „დეპორტივო“, სასურველი ანგარიშის მიუხედავად, დაცვაში არ ჩაჯდა. ამის გამო ირურეტას გუნდი კინაღამ დაისაჯა, მაგრამ თომასონმა მომენტი ვერ გამოიყენა. 59-ე წუთზე პირლო სერჟინომ შეცვალა და „როსონერი“ უფრო შემტევ სათამაშო სქემაზე გადაეწყო.

„დეპორტივო“ გრძნობდა, რომ მეოთხე გოლის გატანა იყო აუცილებელი. 75-ე წუთზე ლუკეს ნაცვლად მოედანზე შესული ფრან გონსალესის დარტყმა კაფუს მოხვდა, დიდას საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა უკვე დაწყებული ჰქონდა, ამიტომ გადაწყობა ვეღარ მოასწრო და მეოთხე გოლი გაუშვა. ამჯერად „მილანს“ გოლი მატჩის დამატებით დროში გადასაყვანად სჭირდებოდა. 0:3-ზე თომასონის ნაცვლად ანჩელოტიმ ინძაგი გამოიყვანა, ახლა კი მარჯვენა მცველის, პანკაროს ნაცვლად მოედნის ცენტრში რუი კოშტა გაამწესა. სწორედ პორტუგალიელის შორეულ დარტყმას შეეძლო მატჩის სცენარში მორიგი ეფექტური ცვლილების შეტანა, მაგრამ მოლინამ შესანიშნავ ნახტომში ბურთი მოიგერია.
„დეპორტივომ“ გაუძლო და 29 ათასი გულშემატკივრის წინაშე შექმნა სასწაული, რომელიც გალისიელთა გულშემატკივრებს არასოდეს დაავიწყდებათ.
მატჩის შემდეგ ირურეტა ამბობდა: „ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ჩვენ დავგეგმეთ. მისია თითქმის შეუსრულებელი იყო, მაგრამ პირველი ტაიმი შესანიშნავად ჩავატარეთ და გავიტანეთ 3 გოლი, რომელიც ჰაერივით გვჭირდებოდა“.
ანჩელოტიმ, როგორც მას სჩვევია, მეტოქის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა: „ძლიერი გუნდი დაგვიპირისპირდა, ჩვენ კი შეცდომები დავუშვით. რთულია იმის ახსნა, რატომ წავაგეთ. ისინი მაქსიმალურად დაიხარჯნენ, ჩვენ კი საუკეთესო თამაშისგან ძალიან შორს ვიყავით“.
ლა-კორუნია ზეიმობდა. მათ ასპარეზობას გამოთიშეს ტურნირის ექვსგზის გამარჯვებული და ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხეულში შევიდნენ. „მილანთან“ ერთად ასპარეზობას გამოეთიშნენ „რეალი“ და „არსენალი“, ნახევარფინალში კი „დეპორტივო“, „ჩელსი“, „მონაკო“ და „პორტუ“ გავიდნენ.
ირურეტას გუნდისთვის ოცნება ნახევარფინალში დასრულდა. უგოლო ფრე გასვლაზე ჟოზე მოურინიოს „პორტუსთან“და 0:1 მარცხი ლა-კორუნიაში (დეკუს წაქცევისთვის დანიშნული 11-მეტრიანი დერლეიმ გამოიყენა).
იმ სეზონში რომ „დეპორტივო“ ფინალში გასულიყო ან საერთოდაც, ჩემპიონთა ლიგა მოეგო, ბუნევრივია, გულშემატკივრებს ნახევარფინალსა და ფინალში მიღწეული წარმატება უფრო ემახსოვრდებოდა. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ „რიასორზე“ „მილანთან“ მატჩში ჩადენილი გმირობა ოქროს ასოებით ჩაეწერა კლუბის ისტორიაში.
მილანი - დეპორტივო 4:0