რონალდინიო
Aa
Aa

გენიოსის სპექტაკლი გალაქტიკოსთან - ბერნაბეუს ოვაციები რონალდინიოს

იმ უზარმაზარი ფინანსების გათვალისწინებით, რომელიც თანამედროვე ფეხბურთში ტრიალებს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თანხების მონოპოლია ერთ კონკრეტულ კლუბს არ აქვს გაკეთებული, ძნელად სავარაუდოა თავის დროზე „გალაქტიკოსად“ წოდებული მადრიდის „რეალის“ შემთხვევა კიდევ ერთხელ განმეორდეს, რადგან „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ გამოჩენის შემდეგ, „სამეფო კლუბისთვის“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გადაბირება პრობლემატური გახდა.

ოც წელიწადზე მეტი ხნის წინ, „რეალში“ ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც დევიდ ბექჰემი, ლუიშ ფიგუ, რონალდო, რობერტო კარლოსი და ზინედინ ზიდანი იყვნენ. ფლორენტინო პერესს საკმაოდ შთამბეჭდავი ტრანსფერების სიაში ერთი სახელი აკლდა. საუბარი გვაქვს რონალდინიოზე, რომლის დამატებაც ყოვლისშემძლე პერესისთვისაც კი შეუძლებელი აღმოჩნდა, რის შემდეგაც მან აქცენტი გაუჩოზე უფრო მეტად რეკლამირებულ ბექჰემზე გააკეთა.

გალაქტიკოდ წოდებული მადრიდის „რეალი“

ბექჰემის და სხვა ვარსკვლავების ტრანსფერმა მადრიდულ კლუბს სერიოზული ფინანსური სარგებელი მოუტანა, თუმცა ესპანეთის ლა ლიგაში სასწორის პინა ისევ „ბარსელონასკენ“ გადაიხარა, რაც უპირველეს ყოვლისა რონალდინიოს დამსახურება გახლდათ. მას ნახევარდაცვიდან კარგად მიეხმარა 6-თვიანი იჯარით დამატებული ნიდერლანდელი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი, ხოლო მოგვიანებით ფრანკ რაიკაარდმა გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა და ანდრეს ინიესტა და ლიონელ მესი უმნიშვნელოვანეს ფიგურებად აქცია.

ლიონელ მესის და რონალდინიოს შედარება იმ სიმაღლეების გათვალისწინებით, რასაც „ელ მონგოლიკომ“ მიაღწია, ახლა უკვე ნამდვილი უაზრობაა, მაგრამ იმაზე კამათი, კარიერის პიკზე რომელი მათგანი უფრო მაღალ დონეზე იდგა, თავისუფლად შეიძლება. ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ გაუჩო არგენტინელზე უფრო დახვეწილი ტექნიკით გამოირჩეოდა, არგუმენტად მუდამ 2005 წელს, მადრიდში გამართულ „ელ კლასიკოს“ იშველიებენ.

„ბარსელონას“ ორი გენიოსი

ამ მატჩისთვის „ბარსა“ განსაკუთრებულად არ მომზადებულა. სეზონი როგორც კატალონიელებს, ასევე კასტილიელებს კარგად ჰქონდათ დაწყებული და „კლასიკოს“ წინ მოქმედი ჩემპიონის რანგში მოასპარეზე „ბლაუგრანა“ „ბლანკოსს“ სატურნირო ცხრილში მხოლოდ ქულით ჩამორჩებოდა. გაუჩომ თავიდანვე ყველას მკაფიოდ მიანიშნა, რომ ამ მატჩის მთავარი ვარსკვლავის ფუნქციებს არავის დაუთმობდა და სამუელ ეტოოს თავიდანვე საგოლე მომენტი შეუქმნა, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.

კამერუნელმა ფორვარდმა ძალიან მალე შეცდომა გამოასწორა - ლიონელ მესის სწრაფი გარღვევის შემდეგ ბურთი მას მიუვიდა, რომელმაც არაჩვეულებრივი დარტყმით ანგარიში გახსნა. გოლის აღნიშვნისას, ეტოო საპრეზიდენტო ლოჟისკენ გაემართა, სადაც ფლორენტინო პერესი გაქვავებული სახით იჯდა და თავისი იმპერიის ნგრევას ადევნებდა თვალყურს. სამუელმა მაისურზე „ბარსელონას“ გერბზე ხელით მიუთითა, რითაც ბუნებრივია ადგილობრივი პუბლიკის რისხვა დაიმსახურა.

შეხვედრის სათამაშო დროიდან ზუსტად ერთი საათის გასვლის შემდეგ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რონალდინიოს შოუ დაიწყო - დეკუ სოუზას პასის მერე გაუჩომ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, ოსტატური ფინტით სერხიო რამოსი დააწვინა, საჯარიმოში შეჭრილი ივან ელგერასაც იოლად გაუმკლავდა და იკერ კასილიასს საკუთარი გუნდის გადარჩენის არანაირი შანსი არ დაუტოვა.

მეორე გოლის შემთხვევაშიც ბრაზილიელს ასისტენტობა დეკუმ გაუწია, თუმცა გაუჩო ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, ასისტების ავტორების ხსენება ცოტა არ იყოს უხერხულია. მან ამჯერადაც სერხიო რამოსს აუბნია თავ-გზა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მთავარი მომენტი ამის შემდეგ დადგა - მათ თვალწინ და მათდა სამწუხაროდ მეტოქე გუნდის ფორმაში გამოწყობილი გენიოსის დასაფასებლად, „ბერნაბეუს“ პუბლიკის დიდი ნაწილი ფეხზე წამოდგა და რონალდინიო აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. მადრიდელმა ინჩასებმა ეს გარკვეულწილად იმიტომაც გააკეთეს, რომ საყვარელი გუნდის ფეხბურთელებისთვის მიენიშნებინათ, რამდენად უსუსურნი იყვნენ ისინი მოცემულ მომენტში და ამას სტატისტიკური მაჩვენებელიც უსვამდა ხაზს - ამ შეხვედრაში „რეალმა“ „ბარსელონას“ კარში ზუსტად პირველად მხოლოდ და მხოლოდ 75-ე წუთზე დაარტყა.

ამ თამაშიდან ზუსტად ორ კვირაში გაუჩომ კარიერაში პირველად და უკანასკნელად „ოქროს ბურთი“ მოიგო, რაშიც შესაძლოა „ელ კლასიკოში“ გაბრწყინებაც დაეხმარა, მაგრამ ალბათ მაინც უფრო წინდაწინვე იყო განსაზღვრული, რომ მთავარი ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდო მას დარჩებოდა. იმის დასამტკიცებლად, რომ „ფრანს ფუტბოლის“ პრიზის მოპოვება შემთხვევითობა არ იყო, ძალიან მალე წლის საუკეთესოდ გაუჩო ფიფამაც აღიარა.

ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ჯილდოსთან ერთად

რაც შეეხება მაშინდელ სეზონს, მადრიდის „რეალი“ „ბარსელონასა“ და მისი ბრაზილიელი გენიოსის წინააღმდეგ ვერაფერს გახდა, „ბლაუგრანა“ კიდევ ერთხელ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და სამეფო კლუბს სატურნირო ცხრილში 12 ქულით გაუსწრო. ამ ყველაფერს თან დაერთო ჩემპიონთა ლიგის მოგებაც და რონალდინიომ ყველას დაუმტკიცა, რომ იმ მომენტში საუკეთესო იყო.

შესაძლოა, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის მსგავსად გაუჩოს სტაბილურად ერთი და იგივე სათამაშო ხარისხი 20 წლის განმავლობაში არ უჩვენებია, მაგრამ 2005 წლის 19 ნოემბერი - ეს იმ მატჩის თარიღია, სადაც ყველა დარწმუნდა, რომ საქმე საფეხბურთო გენიოსთან ჰქონდა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდოს ჰეთ-თრიკი და დადუმებული ოლდ ტრაფორდი - მაგია კიჭას შესრულებით
რონალდოს ჰეთ-თრიკი და დადუმებული ოლდ ტრაფორდი - მაგია კიჭას შესრულებით