„ძლიერი და ტექნიკური მცველი“ | Tuttomercatoweb-მა ხარებაშვილზე დაწერა
იტალიურმა გამოცემამ Tuttomercatoweb-მა თავის ტრადიციულ რუბრიკაში, „დღის ტალანტი“, ქართველ ფეხბურთელზე, საბა ხარებაშვილზე ისაუბრა. ცნობილი გამოცემა მკითხველს მომავალ ვარსკვლავებს აცნობს, და ამჯერად, იტალიელების ყურადღება სწორედ „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილმა მიიპყრო.
„ქართული ფეხბურთი გლობალურ სცენაზე უფრო და უფრო ძლიერ ძალად ყალიბდება, ხოლო საბა ხარებაშვილი მისი ახალი ტალანტია. დინამო თბილისის აკადემიის წარმომადგენელი ხარებაშვილი არის ახალგაზრდა, რომელსაც ქართული ფეხბურთის მომავლის გადაწერა შეუძლია.
2008 წელს დაბადებული საბა უკვე გახდა დინამო თბილისის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი. ის ასევე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევროტურნირებზე ითამაშა — კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 15 წლისა და 10 თვის ასაკში იასპარეზა.
მისი გადაწყვეტილება თუ სად გააგრძელებს კარიერას, განსაზღვრავს, რამდენად დიდი ვარსკვლავი გახდება. საბა თანამედროვე ფეხბურთისთვის შესაფერისი მარცხენა მცველია — მას შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს. ის ძლიერი, ტექნიკური და თავისი ასაკისთვის ტაქტიკურად საოცრად ჭკვიანია. რაც მთავარია, საბა ქართული დისციპლინისა და ევროპული ხედვის კომბინაციას წარმოადგენს — მოწესრიგებული, ძლიერი და ტექნიკური მცველია. მან ეროვნულ ნაკრებში უკვე ითამაშა და ამჟამად „რეალის“, „ბარსელონას“ და „ლივერპულის“ ყურადღების ცენტრშია.“
შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-ის მონაცემებით, ხარებაშვილის საბაზრო ღირებულება 1.2 მილიონი ევროა. საბას „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ ფარგლებში 28 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 შედეგიანი გადაცემაა.