პირველი გოლისას შეცდა | ყავლაშვილის გუნდი ატლეტიკოსთან დამარცხდა (U19)
UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე მადრიდის „ატლეტიკომ’’ შინ ბელგიური „სენ-ჟილი’’ 5:0 გაანადგურა. „სენ-ჟილის’’ კარს გიორგი ყავლაშვილი იცავდა, რომელიც რამდენიმე ეპიზოდში დამაჯერებელი იყო, მხოლოდ პირველი გოლისას შეცდა. 37-ე წუთზე კარიდან ცუდად გამოვიდა, ფორვარდთან ორთაბრძოლა დათმო და სერხიო ესტებანმა (ესპანეთის 19-წლამდე ნაკრების ფორვარდმა) ცარიელ კარში გაიტანა.
44-ე წუთზე „სენ-ჟილის’’ მცველებმა საკუთარ საჯარიმოში ძალიან ცუდად იმოქმედეს, 17 წლის მიგელ ლორენტემ (ესპანეთის 18-წლამდე ნაკრების ფორვარდმა) შორეულ კუთხეში გაიტანა. 65-ე წუთზე სერხიო ესტებანმა დუბლი შეასრულა. 77-ე წუთზე მიგელ ლორენტეს პასის შემდეგ ხესუს ბარიოსმა შეაგდო, 86-ე წუთზე - ცვლილებაზე გამოსულმა გაბრიელ ობამამ.
მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე გოლის ეპიზოდებში ყავლაშვილს ვერ დავადანაშაულებთ, მისი თანაგუნდელები დაცვაში თამაშისას შეცდნენ.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ცაცია მეკარემ, რომელიც სიმაღლეში 1,95 მეტრია, UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე 4-ვე მატჩში სასტარტო 11-დან ითამაშა. მეორე მატჩში 18 წლის ყავლაშვილმა კარი მშრალად შეინახა, როცა შინ „ნიუკასლს’’ 2:0 მოუგეს.