იგორ ტუდორის შემცვლელის ვინაობა გაირკვა და უკვე ცნობილია, რომ როგორც მინიმუმ წლევანდელი სეზონის დასრულებამდე „იუვენტუსს“ ლუჩიანო სპალეტი მოამზადებს. იტალიურმა სპორტულმა გამოცემებმა შექმნილი სიტუაცია განიხილეს და როგორც ირკვევა, ტურინული კლუბის ხელმძღვანელებმა ამ სპეციალისტის ვარიანტს უპირატესობა იმ უბრალო მიზეზის გამო მიანიჭეს, რომ ის სხვებისგან განსხვავებით, მოკლევადიანი ხელშეკრულების გაფორმებას დათანხმდა.
როგორც ერთ-ერთმა ინსაიდერმა მატეო მორეტომ ფაბრიციო რომანოსთან Youtube-ის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, „იუვეს“ გენერალურ დირექტორს დამიენ კომოლისა და ტუდორს შორის ურთიერთობა დიდი ხნის წინ დაიძაბა და ის ხორვატი მწვრთნელის გასაშვებად უბრალოდ ხელსაყრელ მომენტს ეძებდა. სპალეტი მისთვის მუდამ ნომერ პირველი ვარიანტი იყო, რომელსაც ორშაბათს შეხვდა და ამ შეთავაზებას ლუჩიანო დიდი ენთუზიაზმით დათანხმდა.
ირკვევა ისიც, რომ სპალეტის დანიშვნის წინააღმდეგი გახლდათ „ვეკიას სენიორას“ საფეხბურთო სტრატეგიების დირექტორი ჯორჯო კიელინი, რომელიც ახლაც თვლის, რომ გუნდის ფეხზე დაყენება ყველაზე კარგად რობერტო მანჩინის შეეძლო, თუმცა მისი წინადადებისგან კომოლიმ თავი შორს დაიჭირა.