ჰამბურგი თასის 1/8-ფინალშია | ქართველების დაპირისპირება გოჩოლეიშვილმა მოიგო
გერმანიის თასის 1/16-ფინალში ქართველი ფეხბურთელების გუნდების, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმისა’’ და გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგის’’ დაპირისპირება შედგა. „ჰაიდენჰაიმმა'' 44-ე წუთიდან 10 ფეხბურთელით ითამაშა და მატჩის ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე „ჰამბურგის'' ფორვარდმა რობერტ გლატცელმა პენალტიდან შეაგდო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა სასტარტო 11-ეულში ითამაშეს. ბუდუ 72-ე წუთზე შეცვალეს, გოჩოლეიშვილი ბოლომდე მინდორზე დატოვეს.
გოჩოლეიშვილმა, რომელიც „შახტარიდან’’ იჯარით „ჰამბურგში’’ თამაშობს, ბუნდესლიგის ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ყველა მატჩი სასტარტოში დაიწყო, 1 წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც „ბაიერნთან’’ მატჩი გამოტოვა. გერმანიის თასზე ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ასევე, ორივე შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო. „ჰამბურგი'' 3 ცენტრალური მცველით თამაშობს და გოჩოლეიშვილი მარჯვენა „ვინგბექის'' პოზიციაზე გამოდის.
გერმანულ კლუბს კარგად შეეწყო. ოქტომბრის დასაწყისში მის შესახებ კლუბის სპორტულმა დირექტორმა ისაუბრა.
„ის ცნობილია, როგორც აბსოლუტური გუნდური მოთამაშე, შესანიშნავი შრომის ეთიკით. ყველა ამ თვისებით, ის სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩვენს დაცვით რგოლს, არამედ მთელ გუნდს, როგორც სპორტული, ისე ადამიანური თვალსაზრისით,“ - თქვა შტეფან კუნცმა.
31 წლის ბუდუ ზივზივაძეს კარიერაში საუკეთესო პერიოდი არ აქვს, ამ სეზონში გოლი არ გაუტანია. ბუნდესლიგის ხუთ და გერმანიის თასის ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მესამე ტურში „დორტმუნდთან’’ გააძევეს, რის გამოც სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ვიმედოვნოთ, რთულ პერიოდს დაძლევს და გოლების გატანას დაიწყებს.