„იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტს ვითამაშებ“ - გოგლიჩიძე კრემონეზესთან მატჩის შემდეგ
გუშინ, სერია A-ს მე-7 ტურის დასკვნით მატჩში საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ სტუმრად „კრემონეზეს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. გოგლიჩიძემ 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, სხვა მხრივ კი უშეცდომო იყო და გაშვებულ გოლშიც ბრალეულობა არ მიუძღვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საბა გოგლიჩიძემ იტალიელ ჟურნალისტებთან განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ქართველმა მცველმა:
„რთული მატჩი იყო. ქულა ავიღეთ, მაგრამ გამარჯვებაც შეგვეძლო. თუმცა, სტუმრად ფრე ცუდი შედეგი არ არის.“
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბოლო ორ თამაშში სასტარტო შემადგენლობაში ვიყავი. კაბასელესა და სოლეტის გვერდით ყოფნა საქმეს გიმარტივებს და ამისთვის მათ მადლობას ვუხდი. მთავარია ასე გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, რომ რაც შეიძლება მეტს ვითამაშებ.“
როგორც საბა გოგლიჩიძის კომენტარიდან გაიგეთ, ქართველი მცველი „უდინეზეს“ სასტარტო შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ გამოჩნდა და ორივე მატჩი მისმა გუნდმა ფრედ, 1:1 ითამაშა. საერთო ჯამში, სერია A-ს მიმდინარე სეზონში საბამ „უდინეზეს“ მაისური მე-4 შეხვედრაში მოირგო.
7 ტურის შემდეგ „უდინეზე“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 9 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება. ქართველი მცველის გუნდს 2 მოგება, 3 ფრე და 2 მარცხი აქვს. უდინელები მომდევნო ტურში „ლეჩეს“ უმასპინძლებენ. მატჩი 25 ოქტომბერს გაიმართება.