ადაპტაცია კარგად მიდის, ალისონთან მუშაობა სასარგებლოა | მამარდა ესპანურ მედიასთან
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-8 ტურში „ლივერპული’’ შინ „მან. იუნაიტედთან’’ 1:2 დამარცხდა. ალისონ ბეკერის არყოფნაში (ტრავმირებულია), „მერსისაიდელების’’ სასტარტო 11-ეულში გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა (ვრცლად).
მატჩის შემდეგ ესპანური Telemundo Deportes ქართველ მეკარეს ესაუბრა.
„არ გაგვიმართლა. გოლის გატანის ბევრი შანსი გვქონდა, გარკვეულ ასპექტებში პროგრესი გვჭირდება, მაგრამ შემდეგ მატჩებში გამარჯვებისთვის გავალთ.
„მან. იუნაიტედთან’’ მძიმე მარცხი იყო, მაგრამ წინ უნდა წავიდეთ, რადგან ჩემპიონატი ძალიან გრძელია და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ ჩემპიონატის ბოლომდე.
ყველამ კარგად იცის, რომ პრემიერ ლიგაში თამაში ადვილი არაა, ჩემი ადაპტაცია კარგად მიდის, წინ მივიწევ. მოთმინებაა საჭირო, აქ განსხვავებული რითმია, უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობენ.
სამ დღეში თამაში გვაქვს, რაღაცები უნდა გამოვასწოროთ, პროგრესი ვაჩვენოთ და გავიმარჯვოთ.
როცა ესპანეთიდან ინგლისში გადადიხარ, ეს დიდი ცვლილებაა. ალისონი დიდ დახმარებას მიწევს. მასთან ერთად მუშაობა ძალიან კარგი და სასარგებლოა’’.
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში „გალათასარაისთან’’ ალისონ ბეკერმა ტრავმა მიიღო და მატჩის დასკვნითი 34 წუთი ინგლისური მეკარის კარში მამარდაშვილი იდგა. „გალათასარაისთან’’ შეხვედრის შემდეგ მამარდაშვილმა პრემიერ ლიგაში ორჯერ ითამაშა, არნე სლოტის გუნდი „ჩელსისთან’’ სტუმრად და „მან. იუნაიტედთან’’ „ენფილდზე’’ დამარცხდა.
„ლივერპული'' ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზაში მორიგ შეხვედრას „აინტრახტთან'' სტუმრად გამართავს (22 ოქტომბერი).