„მერაბს ხელი ორ ადგილას ჰქონდა მოტეხილი“ | ვუდმა იანი გააკრიტიკა
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, ჯონ ვუდი პიოტრ იანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „მანქანასთან“ პირველ ბრძოლაში საკუთარი თავის 50 პროცენტი იყო. ვუდმა იანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მერაბს ორ ადგილას ჰქონდა ხელი მოტეხილი.
„თუ ეს სიტყვები მას ეხმარება, რომ ღამით უკეთ ეძინოს, არანაირი პრობლემა არ მაქვს. შესაძლოა, იანი მართლაც ტრავმირებული იყო, მაგრამ დაზიანებები ჩვენც გვქონდა. მერაბის ხელი ბეისბოლის ბურთის ხელა იყო და ხელთათმანსაც ვერ იცვამდა. ორ ადგილას ჰქონდა მოტეხილი და ბრძოლის შემდეგ, ეგრევე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ ტრავმებზე აბსოლუტურად არაფერი უთქვამს.
იანის განცხადებამდე, ამაზე საერთოდ არ გვილაპარაკია. ის 50 პროცენტით იყო? ჩვენ ცალი ხელით ვიბრძოლეთ. პიოტრსა და მის გუნდს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვფიქრობ თუ არა, რომ რამე სხვანაირად მოხდება? აბსოლუტურად არა! მერაბი გაიმარჯვებს და ტიტულს შეინარჩუნებს. ალბათ, უფრო დამაჯერებელი და დომინანტური მოგება იქნება, რადგან იანის განცხადებების გამო, ახლა ბევრად მოტივირებული დვალიშვილია მისი მეტოქე.“
ცნობისთვის, დვალიშვილთან წაგების შემდეგ იანმა განაცხადა, რომ მას ცალი ხელით ეჩხუბა. პიოტრის თქმით, ორთაბრძოლამდე მხრის კუნთი გაიწყვიტა და მარჯვენა ხელს ვერ იყენებდა. „მანქანამ“ რუს მებრძოლს დომინანტურ სტილში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო. აღსანიშნავია, რომ მერაბსაც სერიოზული ტრავმა ჰქონდა — ხელი დაიზიანა, თუმცა მაინც შევიდა ოქტაგონში და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.