„ეს არაფერია, უარესები მინახავს“ | მერაბის მწვრთნელი მანქანის გიჟურ ისტორიებზე
მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი ჯონ ვუდი ხალილ რაუნთრის ისტორიას გამოეხმაურა, რომელმაც „მანქანისა“ და კორი სენდჰეგენის ჩხუბის დღეს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. რაუნთრიმ აღნიშნა, რომ ორთაბრძოლის დილას დვალიშვილმა ხუთრაუნდიანი, ინტენსიური სპარინგები ჩაატარა, რაზეც ვუდმა განაცხადა, რომ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც საკუთარი თვალით უნახავს.
„წლებია ამას ვამბობ — ეს აღმოჩენა არ არის. მერაბი ყოველთვის ასე იქცევა, რაც მას ვიცნობ. უკვე ექვსი წელია ერთად ვმუშაობთ და მისთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია.
ბოლო სპარინგი, რომელზეც ხალილმა ისაუბრა, განსაკუთრებული არაფერი ყოფილა — ყველაფერს ვაკონტროლებდით. იყო მომენტები, როცა მერაბი და ალჯამეინ სტერლინგი ისე სპარინგობდნენ, თვალებს ვერ ვუჯერებდი და ვფიქრობდი: „ღმერთო ჩემო, რას ვაკეთებთ...“ თანაც — ჩხუბის დღეს სპარინგობდნენ!
ალჯომ და მერაბმა კარგად იციან, აგრესიული და ინტენსიური სპარინგები როგორ წარმართონ. იყო დრო, როდესაც მათი შემყურე ძალიან მეშინოდა და შარვალში ვისვრიდი. რაუნთრის ისტორია არაფერია. ამ 5-რაუნდიანი სპარინგის შემდეგ მერაბმა ალჯოსთან ინტენსიურად ისპარინგა, თანაც ზუსტად სენდჰეგენთან ორთაბრძოლის წინ. 10 რაუნდი ჩხუბამდე და 5 რაუნდი ჩხუბისას...
რატომ იქცევა ასე? უბრალოდ, ამ ყველაფერს შეჩვეულია. მისი ორგანიზმი სხვებისგან სრულიად განსხვავებულია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, სპარინგები მაქსიმალურად გავაკონტროლოთ და ტრავმები თავიდან ავიცილოთ. როცა რაღაც მუშაობს, ცვლილებების შეტანა საჭირო აღარ არის.“
შეგახსენებთ, რომ მერაბმა და რაუნთრიმ UFC 320-ზე იჩხუბეს და ხალილმა „მანქანის“ დამოკიდებულება საკუთარი თვალით იხილა. დვალიშვილი ოქტაგონში მალე დაბრუნდება და UFC 323-ზე პიოტრ იანს დაუპირისპირდება.