ოფიციალურად - ნიკე-ლუსო საქართველოს ქალთა ლიგის ჩემპიონია
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ქსკ ნიკე-ლუსო ჩემპიონია!
გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი გუნდი დღეს თბილისის ელიტას დაუპირისპირდა, 7:0 გაანადგურა და ჩემპიონი დამსახურებულად გახდა.
ამ მომენტისთვის, ნიკე-ლუსო უშუალო კონკურენტ ლანჩხუთს 6 ქულით უსწრებს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული უკეთესი შედეგის გამო გურულ კლუბს დაწევის შანსი აღარ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ნიკე-ლუსო ჩემპიონი დაუმარცხებლად გახდა. მათ რეგულარულ სეზონში მხოლოდ ერთი ფრე ჰქონდათ და დანარჩენი აბსოლუტურად ყველა მოგება.
პლეი-აუტში კი ნიკე-ლუსომ ამ მომენტამდე უკლებლივ ყველა მატჩი მოიგო. შეგახსენებთ, რომ გაგა კირკიტაძის გუნდი მომავალ წელს ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.
ასევე გეტყვით, რომ დარჩენილ 2 ტურში ნიკე-ლუსო ჯერ სტუმრად ლანჩხუთს დაუპირისპირდება, ხოლო ჩემპიონატს კვარტალთან საშინაო მატჩით დაასრულებს.