ჩარლზ ოლივეირა: თოფურია გეიჯისთან იანვარში იჩხუბებს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჩარლზ ოლივეირამ, ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე დაასახელა.
ბრაზილიელის თქმით, „ელ მატადორი“ ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება.
„თოფურია გეიჯთან იანვარში იჩხუბებს. ვფიქრობ, ეს ბრძოლა შედგება. ვთვლი, რომ ცარუკიანი ჰუკერს დაამარცხებს. არმანს საერთოდ სატიტულო ბრძოლა უნდა ჰქონოდა“, – თქვა ოლივეირამ.
შეგახსენებთ, რომ ჩარლზმა ბოლოს UFC 317-ზე იჩხუბა. ილია თოფურიამ ის პირველივე რაუნდში გათიშა და UFC-ს მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
ამ მარცხის შემდეგ პირველი ჩხუბი „დუ ბრონქსს“ 11 ოქტომბერს, სამშობლოში, რიო-დე-ჟანეიროში რაფაელ ფიზიევის წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა აზერბაიჯანელი მებრძოლი ვარჯიშზე დაშავდა და ბრძოლას ჩაეხსნა, მისი შემცვლელი კი UFC-ის ჯერ არ დაუსახელებია.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოლივეირა UFC Rio-ზე მატეუშ გამროტს დაუპირისპირდება.
გეტყვით ასევე, რომ ჯასტინ გეიჯიმ რამდენიმე თვის წინ UFC-ის ხელმძღვანელებს ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ თუ მისი მომდევნო ბრძოლა სატიტულო არ იქნებოდა, კარიერას დაასრულებდა.