„კარდიოთი მერაბს არ ჩამოვრჩები“ - ფიგერედოს სატიტულო ჩხუბი სურს
UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა, დეივისონ ფიგერედომ განაცხადა, რომ მერაბ დვალიშვილთან სატიტულო ჩხუბი სურს და ამისთვის მხოლოდ ერთი ძლიერი მეტოქის დამარცხება სჭირდება. ამის შესახებ მან Ag Fight-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„უნდა მოვუგო მებრძოლს, რომელსაც ზედიზედ რამდენიმე გამარჯვება აქვს. ეს მერაბის წინააღმდეგ სატიტულო ჩხუბს მომიტანს. დვალიშვილმა ამ წონაში თითქმის ყველას მოუგო, ახლა კი ჩემი ჯერია. მერაბმა აჩვენა, რომ ჩემთან ჩხუბით დაინტერესებულია, ასე რომ, ახლა ჩემი საქმე უნდა გავაკეთო და უახლოესი ბრძოლა მოვიგო.
სენდჰეგენი-დვალიშვილი? მერაბი შესანიშნავი იყო - როგორც ყოველთვის. მას საოცარი კარდიო აქვს, თუმცა, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ მეც შემიძლია ხუთი რაუნდის განმავლობაში ჩხუბი. მიუხედავად ასაკისა, მეც კარგი გამძლეობა მაქვს“.
ცნობისთვის, 37 წლის დეივისონ ფიგერედოს ანგარიშზე MMA-ში 24 მოგება და 5 მარცხია. მომდევნო ბრძოლას ის რამდენიმე დღეში, UFC Rio-ზე ამერიკელი მონტელ ჯექსონის წინააღმდეგ გამართავს.
რაც შეეხება დვალიშვილს, მიმდინარე წელს მან ჩემპიონის ტიტული სამჯერ დაიცვა (უმარ ნურმაგომედოვი, შონ ომალი, კორი სენდჰეგენი). „მანქანას“ სურს, დეკემბერში კიდევ ერთი ბრძოლა გამართოს და დიდი ალბათობით მისი მეტოქე რუსი ექსჩემპიონი პიოტრ იანი იქნება.