„თეთრ სახლში კონორისა და ჯონსის ადგილი არაა“ - დემეტრიუს ჯონსონი
UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონი დემეტრიუს ჯონსონი მიიჩნევს, რომ თეთრ სახლში დაგეგმილ ღონისძიებაზე არც კონორ მაკგრეგორის და არც ჯონ ჯონსის ადგილი არაა. ამის შესახებ ჯონსონმა Red Corner MMA-თან ინტერვიუში განაცხადა.
„არ მომწონს, როდესაც ვიღაც განზე ზის და თვითონ ირჩევს, როდის უნდა იჩხუბოს. შესაძლოა, ვიღაცამ თავისი კარიერით ეს უფლება დაიმსახურა, მაგრამ იმ ბიჭებს, ვინც ახლა აქტიურად ჩხუბობს, თეთრ სახლში გამოსვლა პირველებს უნდა შესთავაზონ.
კონორ მაკგრეგორი თეთრ სახლში საერთოდ არ გვჭირდება. არც ჯონ ჯონსი - მისი სიდიადის მიუხედავად - მან არ უნდა დაჩრდილოს აქტიური მებრძოლები, რომლებიც ყოველდღე დარბაზში არიან“.
როგორც ცნობილია, მაკგრეგორმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის ღონისძიებაზე მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება. ბოლოს ირლანდიელმა 2021 წლის ივლისში იჩხუბა, როცა დასტინ პორიესთან დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ თეთრ სახლში UFC-ის ტურნირის გამართვა მომავალი წლის ივნისში იგეგმება.