მოქალაქეობა შეიცვალა - ზიდანის შვილი ალჟირში
ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის ზინედინ ზიდანის შვილი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს. 27 წლის ლუკა ზიდანმა მოქალაქეობა შეიცვალა და ისტორიული სამშობლოს პასპორტი აიღო. მისი დებიუტი სავარაუდოდ ოქტომბერში შედგება, როდესაც ალჟირელები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სომალისა და უგანდის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.
უმცროსი-ზიდანი წლების განმავლობაში საფრანგეთის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა და დიდი იმედი ჰქონდა, რომ „სამფეროვნების“ ეროვნული გუნდის მაისურსაც მოირგებდა, მაგრამ შექმნილი უდიდესი კონკურენციის ფონზე, ამის შესაძლებლობა არ მიეცა და არჩევანის წინაშე დადგა. მის ლეგენდარულ მშობელს შვილის გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოდ ზიზუ ამ ყველაფერს დადებითად შეხვდება.
ცნობისათვის, ლუკა ზიდანი სხვადასხვა პერიოდში „რეალის“, „რასინგის“, „რაიო ვალეკანოს“, „ეიბარისა“ და „გრანადას“ ღირსება იცავდა, თუმცა განსაკუთრებული წარმატებისთვის არც ერთ კლუბში არ მიუღწევია.