„განსაკუთრებული მენტალიტეტი აქვს“ - რუნიმ რონალდუსთან თამაში გაიხსენა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსფეხბურთელმა, უეინ რუნიმ რიო ფერდინანდის პოდკასტში „წითელი ეშმაკების“ ლეგენდაზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
ფერდინანდის კითხვაზე, უწევდა თუ არა რუნის თავისი სათამაშო სტილის შეცვლა იმისათვის, რომ რონალდუს თავი უფრო კარგად წარმოეჩინა, უეინმა განაცხადა, რომ ასეთი რამ არასოდეს უგრძვნია.
„არასოდეს მიფიქრია, რომ რაღაც უნდა დავთმო. მე მინდოდა პრემიერლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება და ყოველთვის გუნდის ინტერესებით ვხელმძღვანელობდი. რონალდუს გონებაში აქვს ისეთი რაღაც, რაც ალბათ სხვას არავის აქვს. მას განსაკუთრებული მენტალიტეტი აქვს, რომელიც აღემატება ყველაფერს, რაც კი ფეხბურთში მინახავს.
ჩემი მენტალიტეტი ამ დონეზე არ ყოფილა, მე უბრალოდ მოგება მინდოდა. არასოდეს მაღელვებდა „ოქროს ბურთი“ ან სხვა ინდივიდუალური ჯილდოები. ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს. მე უბრალოდ მატჩებისა და ტიტულების მოგება მსურდა. რა თქმა უნდა, გუნდური ტიტულების მოგება კრიშტიანუსაც სურდა, მაგრამ მას ეგოისტური მიდგომა ჰქონდა და ყველაფრის მიღწევა სურდა.
მე არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ რონალდუს ლიონელ მესი მირჩევნია, და შესაძლოა ამის გამო ხალხი ფიქრობს, რომ მე რონალდუს ვერ ვიტან. ეს ასე არაა, უბრალოდ მე მომწონს მესის თამაშის ყურება და მიმაჩნია, რომ ის რონალდუზე ოდნავ უკეთესია. კრიშტიანუ ნამდვილი გენიოსია და მე ძალიან მიყვარდა მასთან ერთად თამაში“.
შეგახსენებთ, რომ რუნიმ და რონალდუმ მანჩესტერში ერთად 6 სეზონი გაატარეს და 3-ჯერ პრემიერლიგა, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ლიგის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.