„ილიასთან ნოკაუტის შემდეგ ძალიან ადრე ბრუნდება“ - პანტოჟას რჩევა ოლივეირას
UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალეშანდრე პანტოჟამ განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება, თუ მისი თანამემამულე და ყოფილი ჩემპიონი ჩარლზ ოლივეირა კარიერას არა მსუბუქ, არამედ ქვესაშუალო წონაში გააგრძელებდა.
რას ამბობს „კანიბალი“:
„ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ოლივეირა თოფურიასთან ნოკაუტით მარცხის შემდეგ ძალიან ადრე ბრუნდება. ჩემი აზრით, წონის კლების პროცესი მისთვის ძალიან მძიმედ მიმდინარეობს.
როდესაც ძალიან ბევრს იკლებ, ორგანიზმი წყლისგან იცლება, მაგრამ წყალს ტვინიც შეიცავს - შესაბამისად, ასეთ დროს უფრო მოწყვლადი ხდები. ვფიქრობ, ქვესაშუალო წონაში გადასვლა ჩარლზს საქმეს გაუმარტივებდა“.
შეგახსენებთ, რომ ოლივეირა ილია თოფურიასთან ივნისის ბოლოს დამარცხდა, 12 ოქტომბერს კი რიო-დე-ჟანეიროში უნდა იჩხუბოს. მისი მეტოქე რაფაელ ფიზიევი უნდა ყოფილიყო, თუმცა აზერბაიჯანელი მებრძოლი ჩხუბს ტრავმის გამო ჩაეხსნა და მას პოლონელი მატეუშ გამროტი შეცვლის.