„შეუძლიათ, საქმე ნებისმიერ დროს გაგვირთულონ“ - იანტუნენი საქართველოს ნაკრებზე
დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტ 2025-ზე ისტორიულ შეხვედრას გამართავს. ქართველი კალათბურთელები ისტორიაში პირველად, ტურნირის 1/4 ფინალში ითამაშებენ, მეტოქე კი ფინეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, ფინეთის ნაკრებში საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრეს. მეტოქე გუნდის კალათბურთელმა, მიკე იანტუნენმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფინეთი ნახევარფინალში გასასვლელად ყველაფერს გააკეთებს. უანტუნენმა საქართველოს ნაკრების ძლიერ მხარეებსაც გაუსვა ხაზი.
რას ამბობს მიკე იანტუნენი:
„ვიბრძოლებთ თუ არა საპრიზო ადგილისთვის, ეს მხოლოდ ჩვენს ხელშია. როგორც გავიგე, რიგაში ბევრი ფინელი ჩამოდის და მათი მხარდაჭერა გამარჯვებაში დაგვეხმარება. ეს უფრო დიდი მიზნებისთვის ბრძოლის შესაძლებლობას მოგვცემს. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით, რომ მსგავსი რამ გამოგვეცადა და ახლა ამის კარგი შესაძლებლობა გვაქვს.“
„საქართველოს ბოლოს რამდენიმე თვის წინ ვეთამაშეთ. მართალია, NBA-ის მოთამაშეები არ ჰყავდა, მაგრამ იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც ევროპულ დონეზე საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობენ. ახლა კი მათ NBA-ში მყოფი მაღალი დონის კალათბურთელებიც შეუერთდნენ, რომლებიც კარგად ისვრიან და ფარზეც ბევრ ბურთს ხსნიან.“
„საქართველო ყველანაირ პატივისცემას იმსახურებს და ამ გუნდის თითოეული წევრი სათანადოდ უნდა დავაფასოთ. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ ჩვენი ამოცანის გართულება, მაგალითად ისე, როგორც ეს ლიეტუვამ გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ორივე გუნდმა კარგად ვიცით ერთმანეთის ძლიერი და სუსტი მხარეები შესახებ. საბოლოოდ, ის გუნდი გაიმარჯვებს, ვინც ამას უფრო უკეთ გამოიყენებს.“
ცნობისთვის, საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ხუთჯერ შეხვდნენ. ორ მატჩში გამარჯვება ფინელებმა მოიპოვეს, სამი შეხვედრა კი ქართველი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა. ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოსა და ფინეთის ნაკრებების დაპირისპირება 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.