ჰოლანდის 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა | ნორვეგიამ მოლდოვა 11:1 გაანადგურა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიამ მოლდოვა გაანადგურა. სტოლე სოლბაკენის გუნდმა საკუთარ კედლებში იასპარეზა და მოლდოვას ისტორიული მარცხი აგემა. ნორვეგიამ 11:1 მოიგო და 5-დან 5 გამარჯვებით I ჯგუფის ლიდერია.
სკანდინავიელთა სუპერვარსკვლავმა, ერლინგ ჰოლანდმა ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა. „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა პენტა-ტრიკი მიითვალა და მის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაც იყო. გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა ტელო ოსგორს, რომელიც ცვლილებაზე შევიდა და პოკერი შეასრულა. მარტინ ოდეგორმა მატჩი გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაასრულა.
ჰოლანდს ბოლო 8 სანაკრებო შეხვედრაში აქვს გოლი გატანილი და 21-ე საუკუნეში პირველი ევროპელი ფეხბურთელია, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპზე 5 ბურთი შეაგდო. ბოლო ევროპელი, ვინც ეს გააკეთა, ჰანს კრანკლი გახლავთ. 1977 წელს, მან მალტას კარი ექვსჯერ აიღო.
ნორვეგიამ 11 გოლი საკუთარ ისტორიაში მესამედ გაიტანა. 1945 წელს, სკანდინავიელებმა ფინეთს 12:0 მოუგეს, ორი წლის შემდეგ კი აშშ გაანადგურეს - 11:0. რაც შეეხება მოლდოვას, „ტრიკოლორი“ ამხელა ანგარიშით პირველად დამარცხდა. გეტყვით იმასაც, რომ I ჯგუფში იტალიის, ისრაელისა და ესტონეთის ნაკრებებიც არიან და ნორვეგიას მომდევნო შეხვედრა 11 ოქტომბერს, ისრაელთან ელის.