გუნდური სულისკვეთება დაგვაკლდა | რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა ქუთაისში ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ 1:1 ითამაშა. მატჩის შემდეგ რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა.
სვანაძე: „ველოდით, რომ პრობლემები გვექნებოდა, ეს ჩვენი პირველი შეკრება იყო, ერთმანეთს ვეცნობით. ვცდილობთ ფეხბურთელებამდე დავალებები მივიტანოთ და გუნდმა ხასიათი შეიძინოს.
დღევანდელი თამაშის ტაქტიკურ განხილვას არ დავიწყებ, რადგან შეუთამაშებლობის პრობლემა გვაქვს და ვიცოდით, რომ ეს იქნებოდა.
რაც შეეხება ხასიათს, ამასთან დაკავშირებით ფეხბურთელებთან პრეტენზია გვაქვს. ხასიათი და სწორი მიდგომა მნიშვნელოვანია. მომენტი, როცა ლიდერი უნდა გამოჩნდეს მინდორზე.
გვაქვს ამბიცია, რომ შევკრათ ღირსეული გუნდი, რომელიც ნებისმიერ გუნდთან მაქსიმუმს გავიღებთ.
თაობები იცვლება, თაობები ერთმანეთს არ ჰგავს, მაგრამ ჯერ ჩვენ ამ თაობის მაქსიმუმი არ გვინახავს. იმედი მაქვს იმ მაქსიმუმს ვაჩვენებთ, რაც ამ თაობას შეუძლია.
გუნდური სულისკვეთება დაგვაკლდა. დრო დაგვჭირდება პრობლემების მოსაგვარებლად და ალბათ შემდეგი წლიდან გუნდი სრულყოფილ სახეს მიიღებს.
თითოეული ფეხბურთელი ინდივიდია, ფეხბურთელებმა საკუთარ თავში რწმენა უნდა იპოვონ. არ შეიძლება იმ ფაქტს არ გავუსვა ხაზი, რომ ბევრი ფეხბურთელისთვის ეს მატჩი ამ დონეზე სადებიუტო იყო
მეტოქემ თავისუფალი სივრცეები არ დადგვიტოვა და სწორედ ამიტომ გაგვიჭირდა თამაში.
საუბრის უარყოფით ნოტაზე დასრულება არ მსურს, პირადად მეც უკმაყოფილო ვარ, ამისკენ ჩემი ხასიათიც მიბიძგებს, ჩვენ ორ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშეთ და ამბიცია გაზრდილი გვაქვს. ამ თაობის მაქსიმუმი რა იქნება, ამ ყველაფერზე თამაამად საუბარი ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ გვეცოდინება''.
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სვანაძის გუნდი ოქტომბერში ორ გასვლით მატჩს გამართავს ლატვიასთან (10 ოქტომბერი) და მალტასთან (14 ოქტომბერი).