პეპის მე-10 მარცხი ტოტენჰემთან - „მარტივ ეპიზოდებში დავუშვით შეცდომები“
პრემიერლიგის მეორე ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ეტიჰადზე“ „ტოტენჰემთან“ დამარცხდა - ტომას ფრანკის გუნდი 35-ე წუთზე ბრენან ჯონსონმა დააწინაურა, პირველი ტაიმის მიწურულს კი „ქალაქელების“ ახალი მეკარის, ჯეიმს ტრაფორდის შეცდომით ჟოაუ პალინიამ ისარგებლა და სტუმართა უპირატესობა გაზარდა.
ეს პეპ გუარდიოლასთვის „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ 24 მატჩში მე-10 მარცხია (11 მოგება, 3 ფრე). ასევე 10 მარცხი აქვს პეპ გუარდიოლას „ლივერპულთან“ 24 მატჩში.
მატჩის შემდეგ „სიტის“ თავკაცმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მარტივ სიტუაციებში გაუმართლებელი შეცდომები დაუშვა.
„სხვაგვარად თამაში გვმართებს, ამაზე გუნდთან ადრეც მისაუბრია. მარტივ სიტუაციებში ბოლომდე არ ვიხარჯებით. რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნები ფეხბურთელების მიმართ არ მქონია. „ტოტენჰემის“ ზეწოლის ქვეშ მარტივ ეპიზოდებში შეცდომებს ვუშვებდით, თუმცა მეტოქის კართანაც არაერთი მომენტი გვქონდა. ეს ფეხბურთია, ასეთი რამისგან არავინაა დაზღვეული.
მხოლოდ ორი ტურია გასული. „ვულვერჰემპტონთან“ მოგების შემდეგ ყველა ამბობდა, რომ „სიტიში“ ყველაფერი რიგზეა, თუმცა მე მაშინაც ვთქვი, რომ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს. ვიცი, როგორ შრომობენ ფეხბურთელები ვარჯიშზე. ბევრ პოზიტივს ვხედავ, მაგრამ გაუმჯობესება კიდევ შეიძლება“.