გურამ კაშია, გაბრიელ სიგუა, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

სიგუას დებიუტი, კაშიას მარცხი - ქართველები ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე

ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე საპლეიოფო წყვილების პირველი მატჩები გაიმართა. ჩვენს ინტერესს ქართველი ლეგიონერების კლუბების გამოსვლა იწვევდა.

ევროპა ლიგაზე გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანმა“ შვეიცარიულ „იანგ-ბოიზს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

გურამ კაშიამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო. მე-12 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მეორე ტაიმში, როცა „სლოვანი“ 0:1-ს აგებდა, ვლადიმირ ვაისმა კაშია ფორვარდით შეცვალა და გუნდი უფრო შემტევ სტილზე გადააწყო, თუმცა ამ ნაბიჯმა მაინც ვერ უშველა და ბრატისლაველები საკუთარ კედლებში მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. კაშიას კი დაცვის ხაზში ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა - 6.1.

კონფერენს ლიგაზე ერთბაშად 4 ქართველი ლეგიონერის გუნდმა ითამაშა.

შვეიცარიულმა „ლოზანამ“, რომლის ღირსებასაც „ბაზელიდან“ იჯარის წესით გადასული გაბრიელ სიგუა იცავს, საკუთარ მოედანზე თურქულ „ბეშიქთაშს“ უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა.

20 წლის სიგუას დებიუტიც შედგა, რომელიც შეხვედრაში მოედანზე 87-ე წუთზე გამოჩნდა, როცა ანგარიში 1:1 იყო.

ანზორ მექვაბიშვილის რუმინულმა „კრაიოვამ“ თურქეთში „ბასაქშეჰირს“ ეთამაშა და 2:1 მოუგო.

ამჯერად მექვაბიშვილი თადარიგში იმყოფებოდა და მოედანზე 89-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში უკვე 2:1 იყო.

დონეცკის „შახტარმა“ შინ შვეიცარიულ „სერვეტთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. ირაკლი აზაროვი ტრადიციულად თადარიგში იმყოფებოდა. ლატვიურმა რფს-მ მალტაში „ჰამრუნთან“ 0:1 მარცხი იწვნია. ლაშა ოდიშარიამ შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები