დინამო ბათუმმა ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების მცველი დაიმატა
„დინამო ბათუმმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი დახურა. აჭარულმა კლუბმა ოფიციალური განცხადებით დაადასტურა, რომ ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი, ენეს მაჰმუტოვიჩი დაიმატა.
„საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ენეს მაჰმუტოვიჩი კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. მაჰმუტოვიჩმა სამედიცინო შემოწმება სტამბოლში, კლინიკა Acibadem Fulya-ს ბაზაზე არსებულ FIFA Medical Centre of Excellence-ში გაიარა, რის შემდეგაც დინამოსთან ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გააფორმა.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დინამოს ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა: „კონტრაქტი ახლახან გავაფორმე და ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მოტივირებული ვარ, ეს ახალი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და მოუთმენლად ველი, როდის დავიწყებ თამაშს.“
რაც შეეხება ენეს მაჰმუტოვიჩის განვლილ გზას – მისი ბოლო კლუბი ნიდერლანდური ნაკ ბრედა გახლდათ. მანამდე კი, ბულგარულ ცსკა სოფიაში, ინგლისურ მიდლსბროში, უკრაინულ ლვივსა და ნიდერლანდურ მაასტრიხტში ასპარეზობდა. სხვადასხვა ევროპულ კლუბებში თამაშის გარდა, ენესი სამშობლოში ფოლა ეშის ღირსებას იცავდა.
ფეხბურთელი ასევე წარმატებით ასპარეზობს სანაკრებო დონეზე. ის ლუქსემბურგის ეროვნული გუნდის მოქმედი წევრია, რომლის რიგებშიც 44 მატჩი აქვს ჩატარებული. მაჰმუტოვიჩმა ლუქსემბურგის ნაკრებში ბოლოს, ივნისის სანაკრებო პაუზისას – ალბანეთისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშა. ენეს მაჰმუტოვიჩი უკვე შეუერთდა დინამო ბათუმს და მომავალი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ემზადება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, „დინამო ბათუმს“ 34 ქულა აქვს და Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს. აჭარული კლუბი ლიდერ „რუსთავს“ 7 ქულით ჩამორჩება.