უშანსოდ - კიტეიშვილის შტურმი ბოდო/გლიმტთან განადგურდა
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე შტურმი სტუმრად ბოდო/გლიმტს დაუპირისპირდა და უშანსოდ 0:5 განადგურდა.
რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც მისი თანაგუნდელების მსგავსად, კარგი მატჩი არ ჰქონდა.
შტურმის ნგრევა მე-7 წუთზე ჰოგმა დაიწყო. მე-10 წუთზე სხვაობა ორამდე ბიორტუფტიმ გაზარდა. ზუსტად 15 წუთში სალტნესმა 3:0 დააფიქსირა და პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ნახევარში არაფერი შეცვლილა. სტუმრები ვერაფერს აკეთებდნენ და პირიქით, გოლები აქეთ გაუშვეს.
54-ე წუთზე ევიენმა გაიტანა, ხოლო მატჩის საბოლოო შედეგი 79-ე წუთზე დაფიქსირდა. ამჯერად ბურთი საკუთარ კარში ბოვინგმა ჩაჭრა.
ცნობისთვის, კიტეიშვილი მწვრთნელმა მოედნიდან 83-ე წუთზე გაიყვანა. ამ გუნდების განმეორებითი დაპირისპირება 26 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.