„ასეთივე მონსტრია“ - როგანმა დუ პლესი დვალიშვილს შეადარა
UFC-ის კომენტატორმა, ჯო როგანმა საშუალო წონის ჩემპიონ დრიკუს დუ პლესიზე ისაუბრა და ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონს, მერაბ დვალიშვილს შეადარა. ამის შესახებ როგანმა თავის პოდკასტში UFC-ის ლეგენდარულ მებრძოლთან და დვალიშვილის მწვრთნელთან, მეტ სერასთან საუბარში განაცხადა.
„დუ პლესი მონსტრია და შენ ეს კარგად იცი, იმიტომ რომ მერაბთან მუშაობ. როდესაც მებრძოლი დისციპლინის ასეთ დონეს აღწევს, მათ აქვთ ისეთი კარდიო, რომელიც ყველა დანარჩენის დონეს აღემატება. ეს მათი უპირატესობაა და ისინი ამ დონეს ინარჩუნებენ და ვითარდებიან კიდეც.
თუ შევხედავთ მერაბს ახლა, განსაკუთრებით ომალისთან რემატჩის შემდეგ, ის სრულიად განსხვავებული მონსტრია. სუპერთავდაჯერებულია და უბრალოდ არ ჩერდება - ამას ვერაფერს დაუპირისპირებ. ამ დონეზე მისასვლელად ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო და, ვფიქრობ, დრიკუსიც ასეთივე მონსტრია. ის იმდენს მუშაობს საკუთარ თავზე, რომ შეუძლია ოქტაგონში შევიდეს და ბოლომდე იბრძოლოს“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათში დუ პლესი ჩემპიონის ქამარს მესამედ დაიცავს - მისი მეტოქე დაუმარცხებელი ხამზატ ჩიმაევი იქნება. დუ პლესი-ჩიმაევის ჩხუბი 17 აგვისტოს, თბილისის დროით 08:30 საათიდან დაიწყება.