„დაიჯერეს, რომ ახალი იამალი იპოვეს“ - ლევანდოვსკიმ რეალზე ისაუბრა
რამდენიმე კვირის წინ „რეალმა“ „რივერ პლეიტიდან“ ფრანკო მასტანტუონო 63 მილიონ ევროდ დაიმატა და მასზე მადრიდელების ახალი მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო დიდ იმედებს ამყარებს. ზოგიერთი კი თვლის, რომ არგენტინელი სამეფო კლუბისთვის ისეთივე ფასდაუდებელი, ფუნდამენტური მნიშვნელობის ფიგურა გახდება, როგორიც „ბარსელონასთვის“ ლამინ იამალია, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება „ბლაუგრანას„ პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ფეხბურთელების შედარება, მითუმეტეს ასეთ ახალგაზრდულ ასაკში არაფრით არ შეიძლება. „რეალის“ ხელმძღვანელებმა ლამის დაიჯერეს, რომ მასტანტუონოს სახით ახალი ლამინ იამალი იპოვეს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ლამინის მსგავსი ტალანტები ყველა ქალაქში და ყოველ წელიწადს კი არა, არამედ ათ წელიწადში ერთხელ თუ იბადებიან. ბევრი ცდილობდა, მაგრამ იპოვეს ლიონელ მესის, ან კრიშტიანუ რონალდუს მსგავსი ფეხბურთელები? ვერა და ვერც იპოვიან, რადგან ისინი უნიკალურები არიან“.
„ბარსელონა“ ესპანეთის ლა ლიგის წლევანდელ სეზონს დღეს „მალიორკასთან“ საგარეო მატჩით დაიწყებს, თუმცა რობერტ ლევანდოვსკის გარეშე, რადგან ის ტრავმის გამო თანაგუნდელებს სექტემბრის შუა რიცხვებამდე ვერ დაეხმარება.