გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა | ქოჩორაშვილის დებიუტი პორტუგალიის ჩემპიონატში

პორტუგალიის ჩემპიონატში გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი შედგა. პირველ ტურში ქართველი ფეხბურთელის „სპორტინგი“ „კასა პიას“ დაუპირისპირდა და „ქოჩო“ მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა. მცირე დროის მიუხედავად, 26 წლის ნახევარმცველს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა.

„სპორტინგმა“ ანგარიში 42-ე წუთზე გახსნა და პედრო გონსალვეშის პასით ტრინკაუმ გაიტანა, ხოლო 62-ე წუთზე ტრინკაუს გადაცემით მორტენ ჰიულმანდმა ისარგებლა - 2:0. დარჩენილ დროში „სპორტინგს“ უამრავი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა.

როგორც გითხარით, ქოჩორაშვილი მოედანზე 85-ე წუთზე გამოჩნდა და გოლის გატანა 87-ე წუთზე შეეძლო. გიორგი ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ცარიელ კარში დაარტყა, თუმცა მის გასროლას „კასა პიას“ მცველი გადაეღობა.

ქოჩორაშვილი ბურთს 20-ჯერ შეეხო. გიორგიმ 16-დან 16 ზუსტი გადაცემა გააკეთა და ორი დაკარგვა ჰქონდა. ქართველმა ფეხბურთელმა „სპორტინგის“ მაისურით მეორე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. პირველად მან სუპერ თასზე, „ბენფიკას“ წინააღმდეგ ითამაშა.

ცნობისთვის, „ლომები“ მომდევნო შეხვედრას 17 აგვისტოს გამართავენ. თბილისის დროით, 23:30-ზე „სპორტინგი“ საკუთარ კედლებში „აროუკას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩიმაევი: „მახაჩევთან ჩხუბი გზას გამიადვილებს“
ჩიმაევი: „მახაჩევთან ჩხუბი გზას გამიადვილებს“