კიდევ ერთი ქართველი გერმანიაში? - ლილუაშვილი მორიგ ტრანსფერზე მუშაობს
ქართველი მენეჯერი ირაკლი ლილუაშვილი, რომელიც ბენე სპორტს წარმოადგენს, მორიგ საინტერესო ტრანსფერზე მუშაობს. საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ შესაძლოა კარიერა ბუნდესლიგაში ან ბუნდესლიგა 2-ში გააგრძელოს.
ამ თემაზე ირაკლი ლილუაშვილი კრისტალსპორტს ესაუბრა: „ჩვენი ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას ბუნდესლიგაში, „ჰამბურგში’’ გააგრძელებს. შესაძლოა, ტოპ ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გადავიყვანოთ. ეს მოთამაშე საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა და მის თაობაზე გერმანულ კლუბებთან (ბუნდესლიგა და ბუნდესლიგა 2) მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. იმისთვის რომ მოლაპარაკებას ხელი არ შეეშალოს, ამ ეტაპზე ფეხბურთელის დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გიდასტურებთ, რომ ინტერესი რეალურია და აქტიურად ვმუშაობთ''.
გერმანიის ბუნდესლიგის ორივე ქართველ ფეხბურთელს, გიორგი გოჩოლეიშვილსა და ბუდუ ზივზივაძეს ბენე სპორტი წარმოადგენს.
მიმდინარე ზაფხულში ირაკლი ლილუაშვილის ჩართულობით კიდევ ორი ტრანსფერი განხორციელდა, ნოდარ ლომინაძე თბილისის „დინამოდან’’ პორტუგალიის უმაღლესი ლიგის „ეშტორილში’’ გადავიდა, სანდრო კალანდაძე პოლონეთის უმაღლესი ლიგის პლოცკის „ვისლას'' ფეხბურთელი გახდა.
„ჰამბურგმა'' გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ბუნდესლიგის კლუბმა 24 წლის მარჯვენა მცველი იჯარის წესით დაიმატა. გოჩოლეიშვილი „ჰამბურგში“ სეზონის ბოლომდე იასპარეზებს და „როტოზენს“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება. ტრანსფერის დადასტურების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მოკლე კომენტარი გააკეთა. გოჩოლეიშვილი კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა და განაცხადა, რომ ერთი სული აქვს, „ჰამბურგის“ მაისურით როდის ითამაშებს.
გიორგი გოჩოლეიშვილი: „ბედნიერი ვარ, რომ ჰამბურგში ტრანსფერი ბოლომდე მივიდა. ახალ თანაგუნდელებთან შეხვედრასა და საქმის დაწყებას მოუთმენლად ველოდები. შახტარის რიგებში ამ სტადიონთან კარგი მოგონებები მაკავშირებდა. ახლა მინდა, ჰამბურგის ფეხბურთელის რანგში, უფრო მეტი გამოცდილება მივიღო და გუნდისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ.“