გოჩოლეიშვილის ტრანსფერი ჰამბურგში - ბოლო ცნობები გერმანიიდან
გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერი „ჰამბურგში“ დღეს უნდა გაოფიციალურდეს. გერმანული მედიის ცნობით, გუშინ ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, დღეს კი ჩანიშნულია ოფიციალური ფოტოსესია, რის შემდეგაც გოჩოლეიშვილი „ჰამბურგთან“ კონტრაქტს გააფორმებს.
გერმანული მედიის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა გოჩოლეიშვილისთვის ბინადრობის ნებართვის გაფორმებაზე, რის შემდეგაც ფეხბურთელი 4-წლიან სამუშაო ვიზას მიიღებს.
„ჰამბურგის“ გეგმის თანახმად, გოჩოლეიშვილთან კონტრაქტი დღეს გაფორმდება. ამის შემდეგ ქართველი განაპირა მცველი ესპანეთის ქალაქ მალიორკაში გაემგზავრება და თანაგუნდელებს შეუერთდება.
როგორც ცნობილია, გოჩოლეიშვილი ბუნდესლიგაში დაბრუნებულ „ჰამბურგს“ დონეცკის „შახტარიდან“ იჯარით შეუერთდება. გერმანულ კლუბს, გოჩოლეიშვილის გამოსყიდვის უფლებაც ექნება, უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი კი ქართველ ფეხბურთელს 2027 წლამდე აკავშირებს.
აქვე გეტყვით, რომ 9 აგვისტოს „ჰამბურგი“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და „მალიორკას“ დაუპირისპირდება. „როტოზენი“ ახალ სეზონს გერმანიის თასის მატჩით იწყებს და 16 აგვისტოს „პირმასენსს“ შეხვდება.