რას გადაწყვეტს ნიკოლა | შესაძლოა, კრემონეზემ ლორთქიფანიძე სერია A-ში დაიტოვოს
დავიდე ნიკოლას გაწვრთნილმა „კრემონეზემ’’ ლივონოში შეკრება „პრო პატრიასთან’’ ამხანაგური მატჩით დაასრულა. კრემონულმა გუნდმა 3:0 მოიგო. ნიკოლამ დაჩი ლორთქიფანიძე 62-ე წუთზე თამაშში ჩართო, ქართველმა ნახევარმცველმა ფედერიკო ბონაცოლი შეცვალა. ნიკოლამ დაჩი „ტორინოსთან’’ ამხანაგურ შეხვედრაშიც ათამაშა, ცვლილებაზე 71-ე წუთზე გამოვიდა.
დაჩიმ ვარჯიშებსა და თამაშებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. CrystalSport-ის ცნობით, უახლოეს დღეებში დავიდე ნიკოლა მასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიტოვებს გუნდში თუ დაჩი იჯარით სხვა გუნდში გადავა.
20 წლის ქართველი ფეხბურთელი „კრემონეზეს’’ აღზრდილია. 2023-24 წლების სეზონში დაჩი „კრემონეზეს’’ 19-წლამდე გუნდს კაპიტნობდა, გუნდმა პრიმავერა 2 მოიგო, რაშიც დაჩიმ დიდი წვლილი შეიტანა. 2024 წლის ზაფხულში „კრემონეზეს’’ მთავარ გუნდთან ერთად შეკრება პირველად გაიარა, ამხანაგურ მატჩებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. გასულ სეზონში სერია B-ს განაცხადში ორჯერ მოხვდა, თუმცა ჯერ ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია.
გასულ სეზონში „კრემონეზე’’ სერია ა-ში აღზევდა, მთავარი მწვრთნელი ჯოვანი სტროპა „ვენეციაში’’ წავიდა, მისი ადგილი დავიდ ნიკოლამ დაიკავა. ნიკოლას კარგად გამოსდის აუტსაიდერ გუნდებში მუშაობა, მისმა გაწვრთნილმა გუნდებმა იტალიის უმაღლეს ლიგაში ადგილი არაერთხელ შეინარჩუნეს, მათ შორის 2023-24 წლების სეზონში „ემპოლიმ’’, როცა ამ გუნდის წევრი საბა გოგლიჩიძე იყო.