ჩაკვეტაძე: უოტფორდში ძალიან ბედნიერი ვარ
საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორფის“ ფეხბურთელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ watford observer-ს ინტერვიუ მისცა.
ჩაკვემ კლუბისა და გულშემატკივრების მიმართ თავის დამოკიდებულებაზე ილაპარაკა.
„უოტფორდში ძალიან ბედნიერი ვარ. ძალიან მადლიერი ვარ კლუბის და გულშემატკივრების, რომლებიც სულ ჩვენთან არიან და გიჟურად გვგულშემატკივრობენ. მომწონს მათ წინაშე თამაში და ბედნიერი ვარ, რომ ამას ვაგრძელებ“, - თქვა ჩაკვემ.
CrystalSport-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო, თავს კარგად გრძნობს და დიდი ალბათობით 30 ივლისს „დეპორტივოსთან’’ მატჩის განაცხადში იქნება.
მოსამზადებელ ეტაპზე „უოტფორდმა’’ სამი მატჩი ჩაატარა, ჩაკვეტაძემ სამივე გამოტოვა, თუმცა სავარაუდოდ 30 ივლისს ინგლისურ გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში დაეხმარება. ჩემპიონშიფის პირველ ტურში, 9 აგვისტოს „უოტფორდი’’ „ჩარლტონ ატლეტიკს’’ ესტუმრება.
ცნობისთვის, ჩაკვეტაძემ ბოლოს 5 აპრილს ითამაშა. აქვე გეტყვით, რომ ქართველი ნახევარმცველის შეძენით „ვალენსიაა“ დაინტერესებული, ბრიტანული მედია წერს ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში აღზევებული „ლიდსის“, „ბარნლისა“ და „სანდერლენდის“ მხრიდან ინტერესზეც.
2024-25 წლების სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფისა და თასის მატჩების ჩათვლით 41 მატჩი ჩაატარა. კარიერაში ერთ სეზონში ამდენად ბევრ შეხვედრაში არასდროს უთამაშია, მოედანზე 3292 წუთი გაატარა, რაც ასევე მისი კარიერის საუკეთესო შედეგია.
ტრავმების შემდეგ გასულ სეზონში საუკეთესო ფორმაში შევიდა, შესანიშნავ ტექნიკურ უნარებს ავლენდა და ამავდროულად კარგ ფიზიკურ კონდიციაში იყო.