სამი მერვედფინალი, სამი პენალტების სერია - რვიდან ექვსი მეოთხედფინალისტი ცნობილია
Aa
Aa

სამი მერვედფინალი, სამი პენალტების სერია - რვიდან ექვსი მეოთხედფინალისტი ცნობილია

გუშინ დაწყებული საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის საფეხბურთო თასის მერვედფინალური ეტაპი დღეს სამი შეხვედრით გაგრძელდა და გამარჯვებულის გამოსავლენად სამივეში 11-მეტრიანების სერია გახდა საჭირო. ევროთასების მონაწილე „სპაერს“ „კოლხეთმა“ მატჩის გადადებაზე უარი არ უთხრა, „იბერია“ და „ტორპედოს“ ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ და მათ შეთანხმებას იოლად მიაღწიეს, ხოლო „დილას“ ამ მხრივ სერიოზული პრობლემები შეექმნა იმის გამო, რომ „სამგურალისგან“ უარი მიიღო და წყალტუბოელებთან მერვედფინალის გამართვა „რიგასთან“ საპასუხო თამაშამდე მოუწია.

მეტოქის უარმა ბუნებრივია გორელებს მოტივაცია გაუზარდა და მათ იმერლები ნულოვანი ყაიმით დასრულებული ძირითადი და დამატებით დროის შემდეგ, პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხეს. წაგებულებს შორის 11-მეტრიანი ლუკა ხორხელმა და თემურ გოგნაძემ გააცუდეს, ხოლო „დილას“ ფეხბურთელებდან ექვსიდან ხუთმა პენალტის რეალიზება შეძლო.

დრამატული და ემოციებით აღსავსე გამოდგა „ბენდელას“ სტადიონზე გამართული „იბერია 2“ – „რუსთავის“ მატჩი, რომლის ძირითადი დროც ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი ექსტრა-ტაიმის ბოლოს ნაკაომ რუსთაველები დააწინაურა და თითქოს აღარაფერი უნდა შეცვლილიყო, მაგრამ უკანასკნელ წამებზე ერაძემ გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად აქაც პენალტების სერია გახდა საჭირო, სადაც უფრო ზუსტნი გია ცეცაძის შეგირდები იყვნენ. დამატებით დროში მოხდა უსიამოვნო და მასშტაბური ჩხუბი ორივე გუნდის ფეხბურთელებს შორის, რომლის შემდეგაც არბიტრმა როგორც „იბერია 2“-დან, ასევე „რუსთავიდან“ ორი მოთამაშე გააძევა.

„იბერია 2“ – „რუსთავის“ მსგავსად, 2:2 დასრულდა „სიონი“ – „დინამო ბათუმის“ შეხვედრაც, სადაც მასპინძლების რიგებში დუბლი დათა სიჭინავამ შეასრულა, რაც ბათუმელთა მხრიდან თითო ბურთით ლევან ხოზრევანიძემ და ლუკა წულუკიძემ უპასუხეს. პენალტების სერიაში გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები უშეცდომონი იყვნენ, ხოლო „სიონიდან“ დარტყმა თამაზ მაქაცარიამ და გიორგი გაფრინდაშვილმა გააცუდა.

ცნობისათვის, რვიდან ჯერჯერობით ექვსი მეოთხედფინალისტია ცნობილი და ექვსიდან ოთხი, „რუსთავი“, „მეშახტე“, „სამტრედია“ და „ლოკომოტივი“ Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პრესინგს ნორმალურად ვერც ერთი ქართული კლუბი ვერ თამაშობს“ - ჟორჟიკაშვილი კრიზისის მიზეზებზე
„პრესინგს ნორმალურად ვერც ერთი ქართული კლუბი ვერ თამაშობს“ - ჟორჟიკაშვილი კრიზისის მიზეზებზე