„თელავში სტადიონი გაკეთდება“ - მუჯირი სიახლეებსა და ევროტურნირებზე
უეფას განახლებულ საკლუბო რეიტინგში საქართველომ რეგრესი კიდევ ერთხელ განიცადა და 52-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგის წარმომადგენლებმა წელს კონფერენს ლიგაზე დადებითი შედეგები თუ ვერ აჩვენეს, შესაძლოა გაისად ევროტურნირებზე ჩვენი ქვეყანა ოთხის ნაცვლად სამი კლუბით იყოს წარმოდგენილი. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა და რამდენიმე სიახლეც გააჟღერა.
დავით მუჯირი
გულშემატკივართა უმრავლესობის პოზიციაა, რომ საქართველოს ოთხივე კლუბს უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შანსი აქვს და ამაში მათ ასი პროცენტით ვეთანხმები. მერწმუნეთ, თუნდაც ერთი კლუბის კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრა არამხოლოდ ამ კლუბისთვის, არამედ სხვა გუნდებისთვისაც სარგებლის მომტანი იქნება, რადგან უეფასგან სოლიდარობის პროგრამის ფარგლებში სულ სხვა თანხები გამოიყოფა, რომელიც იმ ქვეყნებზე, რომელთა გუნდებიც ევროპული საკლუბო ტურნირების ფინალურ ეტაპზე ვერ ხვდებიან მიზერულია და თუ დაფინანსება გაიზრდება, ამით ისევ და ისევ Crystalbet ეროვნული ლიგის კლუბები ისარგებლებენ.
საკლუბო რეიტინგი, სადაც 52-ე ადგილზე ვართ, ძალიან გულდასაწყვეტია. ნაკრებმა წარმატებას მიაღწია და საფეხბურთო ინფრასტრუქტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვითარდება. სულ ბოლო სიახლეს გეტყვით, რომ თელავში სტადიონი გაკეთდება, რაც როგორც ამ ქალაქის კლუბისთვის, ასევე ადგილობრივი ქომაგებისთვის სასიხარულო ამბავია. ამ ყველაფრის ფონზე ბოლო წლებში ევროტურნირებზე განცდილი წარუმატებლობები, შეიძლება ითქვას, რომ კონტექსტიდან არის ამოვარდნილი.
რატომ იმატებენ კლუბები ლეგიონერებს ბოლო დღეებში? ფაქტია, ჩემპიონატი ისეთი სისტემით ტარდება, უკვე დეკემბერში იციან რომელი კლუბი ითამაშებს ევროტურნირზე. შესაბამისად, მომზადებისთვის თითოეულ გუნდს აქვს Crystalbet ეროვნული ლიგის 18 მატჩი და პლუს ქვეყნის სუპერ თასი, რომელიც ივნისში არის ჩასმული.
ცნობისათვის, „იბერია“ – „ლევადიას“ მატჩი სამშაბათისთვის არის დაგეგმილი, ხოლო „სპაერი“ – „აუსტრია“, „ტორპედო“ – „ომონია“ და „დილა“ – „რიგა“ ხუთშაბათს ჩატარდება.