„ამ გუნდს კონფერენს ლიგის ჯგუფში შესვლა შეუძლია“ - ბურდულს იბერიის იმედი აქვს
უეფას კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში საქართველოს ოთხივე საფეხბურთო კლუბი დამარცხდა, თუმცა ანგარიში და თამაშის ხარისხი ისეთი იყო, რომ საპასუხო შეხვედრების წინ ყველას ოპტიმისტური განწყობა დაუტოვა. ასეთივე აზრზეა ლადო ბურდული, რომელიც ამჟამად „მეშახტეს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობს და ცოტა ხნის წინ ტყიბულელები ისტორიაში პირველად საქართველოს თასის მეოთხედფინალში გაიყვანა. გადაცემაში „სპორტი იმედზე“ სტუმრობისას, ახალგაზრდა სპეციალისტმა როგორც თავის გუნდზე, ასევე ევროტურნირების მონაწილე კლუბებზე ისაუბრა.
ლადო ბურდული
„მეშახტეს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ორწელიწადნახევრის წინ დავინიშნე და რაც მწვრთნელისთვის ყველაზე მთავარია, მშვიდად მუშაობის საშუალება მეძლევა. არსად არ გვეჩქარება და ეტაპობრივად განვითარებას ვცდილობთ, რაშიც კლუბის ხელმძღვანელთა მხრიდან ხელშეწყობა გვეხმარება.
რაც შეეხება მიმდინარე ევროტურნირებს, მე პირადად დავინახე ის ფაქტი, რომ ოდნავ მეტი ყურადღებითა და ნაკლები ფსიქოლოგიური წნეხის ფონზე თამაშის შემთხვევაში, ყველა მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. მგონია, რომ ოთხივე კლუბს მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია და იმედია თითოეული მათგანი წარმატებას მიაღწევს.
არ მინდა დანარჩენებმა მიწყინონ, მაგრამ „იბერიაზე“ ვიტყვი - ჩემი აზრით, ამ კლუბს აქვს იმის პოტენციალი, რომ უეფას კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს. ლევან კორღალიძე ჭკვიანი მწვრთნელია, რომელიც „ლევადიასთან“ ჩამორჩენას აღმოფხვრის და ამის შემდეგაც საქართველოს ჩემპიონს წარმატების მიღწევის შანსი ექნება.
ცნობისათვის, ლადო ბურდულის მომზადებულმა ტყიბულის „მეშახტემ“ დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფილაში მარტვილის „მერანი“ 3:1 დაამარცხა. Crystalbet ეროვნულ ლიგაში კი ეს გუნდი 16 ტურის შემდეგ 23 ქულით მეოთხე ადგილზეა.