„იბერია ლევადიაზე კარგი გუნდია და უნდა გავიდეს“ - გიორგი მიქაძის შეფასებები
გიორგი მიქაძე რომ ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური ქართველი საფეხბურთო მწვრთნელია, ეს არაერთხელ დადასტურებულა. „თელავის“, „სამგურალისა“ და „იბერიას“ მსგავსად, ახალგაზრდა სპეციალისტი მის ხელთ არსებული რესურსებიდან გამომდინარე, „გარეჯშიც“ კარგად მუშაობს, მაქსიმალურად ცდილობს გუნდის წინაშე დასახული ამოცანა წარმატებით გადაჭრას და საგარეჯოელებს Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ადგილი შეუნარჩუნოს. მიქაძემ Crystalsport-თან ინტერვიუში როგორც თავის ამჟამინდელ გუნდზე, ასევე უეფას კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩების წინ, საქართველოს კლუბების შანსებზე ისაუბრა.
გიორგი მიქაძე
„გარეჯის“ მთავარი მიზანი წლევანდელ სეზონში ელიტაში ადგილის შენარჩუნებაა და მიზნის მისაღწევად ძალ-ღონეს არ დავიშურებთ. თასის გათამაშებაზე გამოსვლა ნაადრევად დავასრულეთ, მაგრამ ბიჭებს ვერ ვუსაყვედურებ, რადგან „კოლხეთთან“ მატჩი მხოლოდ პენალტების სერიაში დავთმეთ.
რაც შეეხება ევროტურნირებს, ჩემი განწყობა ოპტიმისტურია. „იბერია“ „ლევადიაზე“ უკეთესი გუნდია და ლევან კორღალიძის გაწვრთნილი საქართველოს ჩემპიონი მომდევნო ეტაპზე აუცილებლად უნდა გავიდეს. ტალინში მარცხი შემთხვევითობა იყო და რაც იქ არ გამოვიდა, თბილისში აუცილებლად გამოვა.
„დილას“ ლატვიაში მეორე ნომრად მოუწია ასპარეზობა და გორში ამ გუნდისგან უკვე სხვანაირ თამაშს ველი. ყველაზე კარგი ის არის, რომ ქართლელებს მომატების პოტენციალი აქვთ და თუ ფორტუნაც მათ მხარეს იქნება, „რიგას“ ბარიერს აუცილებლად გადალახავენ.
იგივეს თქმა შემიძლია „ტორპედოზეც“ – „შენგელია არენაზე“ ტრიბუნები ბოლომდე შეივსება და ქუთაისელები თავის ძლიერ მხარეს გამოავლენენ. კვიპროსში, უკანა ხაზში საკმაოდ დამაჯერებლად მოქმედებენდნენ და ახლა, როდესაც დაცვის ლიდერი საბა კვირკველიაც დაუბრუნდებათ, კიდევ უფრო დამაჯერებლები გახდებიან. შუსტერს საყვედურობენ მეორე ნომრად ასპარეზობის გამო? ფაქტია „ტორპედომ“ „ორდაბასის“ ბარიერი დაძლია და გერმანელი მწვრთნელი რაშიც ხედავს თავისი ფეხბურთელების ძლიერ მხარეებს, ისეთი ტაქტიკით ათამაშებს გუნდს.
ავსტრიაში „სპაერი“ ძალიან მონდომებული ჩანდა, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას კლასში განსხვავება აშკარად იგრძნობოდა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს გუნდი და მისი კარგი მწვრთნელი აპლოდისმენტებს იმსახურებენ და მჯერა, რომ თბილისშიც ბოლომდე იბრძოლებენ.
ცნობისათვის, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგა ერთ კვირაში განახლდება და გიორგი მიქაძის მომზადებული „გარეჯი“ 3 აგვისტოს, სტუმრად გორის „დილას“ შეხვდება.