კაპანაძე საუკეთესო იყო | საგოლე პასი და კარგი სტატისტიკა
სლოვაკეთის უმაღლესი ლიგის 2025-26 წლების სეზონის პირველ ტურში „დუნაისკა სტრედასა’’ და „მიხალოვცეს’’ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
Sofascore-მა შეხვედრაში ყველაზე მაღალი შეფასება „დუნაისკა სტრედას’’ მარჯვენა მცველს, ცოტნე კაპანაძეს დაუწერა (90 წუთი ითამაშა). ცოტნემ იმდენად კარგად ითამაშა, რომ გოლების ავტორებზე მაღალი შეფასება მიიღო - 8,3. ქართველი ფეხბურთელი შეტევაში აქტიურობდა და მისი ჩაწოდების შემდეგ 67-ე წუთზე ჯუკანოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა. დაცვითი ფუნქციებიც კარგად შეასრულა, რაზეც მის მიერ მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობა მეტყველებს.
ცოტნეს ბურთთან 97 შეხება ჰქონდა, 60-დან 52 პასი ზუსტად შეასრულა. აქტივში 4 საკვანძო პასი აქვს, რაც ძალიან კარგი შედეგია. მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობით ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მინდორზე 10-დან 8 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 2-დან - 1. დრიბლინგის სამი მცდელობიდან სამივე წარმატებული იყო. შორი მანძილიდან კარისკენ ძლიერად დაარტყა, თუმცა მეკარემ ბურთი მოიგერია. ასევე აღსანიშნავია, რომ ყოველთვის მარჯვენა ფეხს არ იყენებს, ერთ ეპიზოდში ბურთი მარცხენა ფეხით ჩააწოდა. ზოგადად, საინტერესო ფეხბურთელია და ეროვნული ნაკრების კონკურენციაში შესვლა შეუძლია.
„დუნაისკა სტრედაში’’ გიორგი გაგუას დებიუტი შედგა, თამაშში 61-ე წუთზე ჩაერთო. კაპანაძის საგოლე პასის ეპიზოდში ბურთზე თამაშს ცდილობდა, თუმცა ვერ შეწვდა. ასევე, გაგუას წინააღმდეგ მეკარემ თამაშის წესი დაარღვია, თუმცა პენალტი არ დაინიშნა.
„მიხალოვცეში'' ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ცოტნე ძოწენიძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, დაცვაში ბევრი იმუშავა, თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.