ილიასთან ჩხუბი? რატომაც არა - ჰოლოუეის კომენტარი და დენა უაითის პასუხი
MMA-ის მებრძოლი მაქს ჰოლოუეი UFC 318-ზე BMF ქამრის დაცვის შემდეგ ილია თოფურიასთან შესაძლო ბრძოლაზე საუბრობს. მისი თქმით, მას სურს „მატადორთან“ შერკინება, თუმცა ყველაფერი UFC-ის გადასაწყვეტია.
ჰოლოუეის განცხადებით:
„ეს სპორტი მომენტებზეა დამოკიდებული. მიხარია, რომ დღეს აქ ვიდექი და დასტინის ბოლო ნაბიჯებს ვიზიარებდი. დღეს ეს მომენტი მქონდა, შემდეგ კი ვნახოთ, იქნება თუ არა მომდევნო მეტოქე ილია. ვნახოთ, რა მოხდება. ფაქტია, რომ ბურთი UFC-ის მოედანზეა. ნებისმიერთან ვიჩხუბებ და თუ შემდეგი ილია იქნება, დაე, იყოს ილია. ამ ბიჭმა ახლახან ოლივეირა დაამარცხა, მე კი მასთან ისტორია მაქვს. ასე რომ UFC, ახლა შენი ჯერია. თუ ის არ იქნება, მაშინ ტოპ 10-დან ნებისმიერ მებრძოლთან ვიჩხუბებ. მსუბუქ წონაში ბევრი სახალისო ბრძოლა მელის და ამით აღფრთოვანებული ვარ“.
მაქს ჰოლოუეისა და ილია თოფურიას შესაძლო რემატჩზე UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს ჟურნალისტებმა UFC 318-ის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს, რასაც უაითმა ასე უპასუხა:
„ვფიქრობ, მაქსი ახლა შესანიშნავ პოზიციაშია. მან ახლახან დაიცვა BMF-ის ქამარი და რეიტინგში მე-4 ადგილზეა. მაქსისთვის ახლა ყველაფერია შესაძლებელი.“
შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეიმ დასტინ პორიე ხუთრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და BMF-ის ქამარი დაიცვა. დასტინ პორიესთვის ეს ჩხუბი MMA-ის კარიერაში უკანასკნელი იყო. „ბრილიანტმა“ პროფესიონალური კარიერა ოფიციალურად დაასრულა და გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
რაც შეეხება მაქს ჰოლოუეის, „დალოცვილი“ თოფურიას 2024 წლის ოქტომბერში შეხვდა და ილიამ მაქსი მესამე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა. ეს ბრძოლა ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ჩატარდა, ახლა კი ორივე მებრძოლი მსუბუქ წონაში ასპარეზობს. თოფურია დივიზიონის ჩემპიონია, მაქს ჰოლოუეი კი BMF-ის ქამრის მფლობელი.