გეიჯი: „თოფურიასთან ბრძოლას ყველაზე მეტად ვიმსახურებ“
ჩარლზ ოლივეირას დამარცხებისთანავე UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ განაცხადა, რომ მომდევნო შეხვედრის გასამართად და ტიტულის დასაცავად დეკემბერში მზად იქნება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება „ელ მატადორის“ შემდეგი მოწინააღმდეგე.
იქედან გამომდინარე, რომ შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი დენა უაითი არმან ცარუკიანზე ისლამ მახაჩევთან ბრძოლიდან არცთუ დამაჯერებელი არგუმენტის გამო ჩახსნისთვის ჯერ კიდევ გაბრაზებულია, ვარაუდობენ, რომ ილიას ჯასტინ გეიჯის შეახვედრებენ, რაზეც ეს უკანასკნელი ასეთ აზრს გამოთქვამს:
„ჩემი შანსები და მდგომარეობა? ხომ იცით, მიკერძოებული ვიქნები. ვიბრძვი იმ ბრძოლის მიღებისთვის, რომელშიც მონაწილეობა მსურს და ვიმსახურებ. თუმცა, ყველას იდენტური მიზნები გვაქვს და ყველა მიკერძოებულები ვართ.
რა თქმა უნდა, ილია თოფურიასთან საბრძოლველად ყველაზე კარგი შანსები მე და არმან ცარუკიანს გვაქვს, თუმცა არმანთან შედარებით აშკარად უკეთეს მდგომარეობაში ვარ. იმედია, „ელ მატადორს“ ნიუ-იორკში შევხვდები, დავამარცხებ და შემდეგ ტიტულს თეთრი სახლის ღონისძიებაზე დავიცავ“.
ცნობისათვის, ჯასტინ გეიჯი წარსულში დივიზიონის დროებითი ჩემპიონის წოდებას ატარებდა, მაგრამ მუდმივი ჩემპიონობისთვის გამართულ ორივე შეხვედრაში დამარცხდა და მიზანს ვერც ერთხელ ვერ მიაღწია.